დინამო არენაზე გამართული სათასო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
დუშან უჰრინი – მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ და სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე მშვიდად ყოფნის საფუძველი არ გვქონია. ორი მატჩის ჯამში ჩვენი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო რომ განმტკიცებულიყო, აქცენტი პირველივე წუთიდან გოლის გატანაზე გავაკეთეთ. მართალია დღეს მეტოქეს ჩვენთვის მისაღები ანგარიშით ვძლიეთ, თუმცა თამაშის ხარისხი კმაყოფილების საბაბს ნამდვილად არ გვაძლევს. წინ ჩემპიპონატის დასკვნითი ეტაპი გველის და ვეცდებით ჩვენს თამაშში არსებული ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.
სოსო ფილია – პირველ რიგში დინამოს მივულოცავ გამარჯვებას და მინდა წარმატებები ვუსურვო. ორი აზრი არ იყო, რომ დღეს რთული მატჩი გველოდა. რა თქმა უნდა წყვილში ფავორიტი დინამო იყო. მეორე თამაშმა პირნათლად აჩვენა, რომ დინამო თბილისი კლასით ჩვენზე მაღლა დგას და დარწმუნებული ვარ, მეორე ეტაპის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი იქნება. პირველივე წუთებიდან ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მეტოქისთვის სივრცეები არ მიგვეცა, თუმცა კლასი და ოსტატობა თავისას შვება და დინამოს ფაქტობრივად ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ – დინამომ დამსახურებულად მოიგო. ჩვენ ჯერ კიდევ ძირითადი ბირთვის ძიების პროცესში ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ გუნდში ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, ჩემი ბიჭების გამოსვლით კმაყოფილი ვარ.