კვირას 17 მარტს საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი თავის არენაზე გორის დილას უმასპინძლებს. დილასთან შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ასპარეზობის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ორმოცდაშვიდჯერ შეხვედრიან. შეიძლება ითქვას, რომ დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა გააჩნია ამ შეხვედრებში. ორმოცჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, ექვსი შეხვედრა დამთავრდა ფრედ და ერთხელ გორელებმა იზეიმეს წარმატება. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 139/22 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. მეთექვსმეტე ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა ანგარიშით 9–0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა შვიდი ბურთი შეაგდეს მეტოქის კარის ბადეში, გორელთა ორი გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა – 6–1 და 5–0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4–1 და 4–0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ოთხი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2–2 დასრულდა.
ბოლოს დინამო და დილა საქართველოს ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში, 24 ნოემბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა თბილისში გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დასრულდა. გოლების გატანა მერებაშვილმა, ტვილდიანმა და ხმალაძემ მოახერხეს.
სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდი 55 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მას სამი ქულით სწორედ ჩვენი მომავალი მეტოქე ჩამორჩება.