• Geo
  • Eng
12.04.2013
ყოვლისშემძლე კოსტია!

დღეს ჩემი უფროსი ძმაკაცი, კოსტია შანიძე 94 წლის გახდა, გუშინწინ კი “დინამო”-“ჩიხურას” თამაშზე წამომყვა და ძველებურად აჩხაკუნა თავის ძველი ფოტოაპარატი. მთელი ცხოვრება თბილისის “დინამოს” და “დინამოს” სტადიონს შეალია, 1936 წლიდან კი მთელი 70 წელი (!!!) იმუშავა ელექტრიკოსად “დინამოზე”! მისი ქალიშვილი ციცინო საქართველოში ცნობილი მოცურავე იყო, მისი სიძე გურამ პეტრიაშვილი კი ტაშკენტის გმირი გახლდათ, შვილიშვილიც სახელოვანი გამოუვიდა კოსტია ბაბუას – დათო პეტრიაშვილი თავის დროზე თბილისისა და მოსკოვის “დინამოში” თამაშობდა, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო, ახლა კი უეფაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის – “ჰეთ-თრიქის” თავმჯდომარეა!

ახალგაზრდობაში ერთმა მსაჯმა, ლარიონოვმა კოსტიას ფოტოაპარატი “ფედი” აჩუქა და მას მერე სურათებს იღებს! მისი ფეხი ყოველთვის ბედნიერი იყო გუნდისთვის და გუშინწინაც “დინამომ” 3:0 მოიგო!

ბერიას პირსახოცი

კოსტია შანიძე 1919 წელს დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ გამოჩინებულში, 1923 წლიდან კი თბილისში, საგურამოს ქუჩაზე ცხოვრობდა, სტადიონის ადგილას მანამდე გაშენებული ბახჩა-ბაღების ხშირი სტუმარი იყო და სიყრმის მეგობრებთან ერთად ბევრჯერ მოუპარავს კიტრი და პომიდორი. 1932 წელს ლავრენტი ბერიას სტადიონის მშენებლობა გადაუწყვეტია და კოსტიაც ყოველდღე ადევნებდა თვალს შავი ლიმუზინით მოსიარულე უშიშროების შეფს, თანაც მშენებლობაში ეხმარებოდა უფროსებს. ერთხელ ბერიამ თავად გადაწყვიტა, მუშებისთვის რაღაცა ეჩვენებინა, და უცებ ხელი დაესვარა. კოსტია წყალზე გააგზავნეს, ბერიას ხელი კი დააბანინა, მაგრამ პირსახოცი დაავიწყდა! ყველა გაშრა და შიშისგან აღარ იცოდნენ რა ექნათ. ბერიას კი გაუღიმია და კოსტიას ხუჭუჭ თმებზე შეუმშრალებია ხელი.

პირველი გოლი “დინამოზე”

1936 წელს ახალაშენებულ “დინამოს” სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა – 7 სექტემბერს კიევის “დინამო” მივიღეთ! პირველი გოლი “დინამოს” სტადიონზე ნიკოლოზ სომოვმა შეაგდო, მერე ბორის პიჭაძემაც გაიტანა თავისი და ის მატჩი ფრედ, 2:2 დამთავრდა. იმ წელს ჩემპიონები ჩვენ უნდა გავმხდარიყავით, პირველ ადგილზე მივდიოდით, მაგრამ 24 ოქტომბერს ასევე “დინამოს” სტადიონზე უსუსტეს ლენინგრადის “კრასნაია ზარიასთან” 2:3 წაგებულმა მატჩმა მესამე ადგილზე გაგვიყვანა...

ლეგენდა ბასკებზე

1937 წელს თბილისში ლეგენდარული ბასკები ჩამოვიდნენ! ვაგზალთან დავხვდი და დავიწყე სურათების გადაღება. განსაკუთრებით ეჩებერიას ვუღებდი, ბორის პაიჭაძემ მომატყუა – მეგრელიაო და ვაჩხაკუნე და ვაჩხაკუნე აპარატი. ვარჯიშის დროს მისი დარტყმული სტადიონის რკინის მოაჯირს მოხვდა და გასკდა ბურთი. თბილისის ამბავი ხომ იცით? იმწამსვე ჭორი წავიდა ქალაქში, ესენი ვინ ჩამოვიდნენ – დარტყმით ბურთებს ხეთქავენო!!! მთელი თბილისი სტადიონისკენ დაიძრა, ყველას უნდოდა თამაშზე დასწრება! მესამე იარუსი ჯერ არ იყო დამთავრებული “დინამოს” სტადიონზე და სულ ოთხი მილიციელი იცავდა ამხელა პერიმეტრს, უწესრიგობა აზრადაც არავის მოსვლია, არავინ დამჯდარა დაუმთავრებელ ტრიბუნაზე...

დინამოსტრუსიანი დეზდემონა

1951 წლის სეზონის წინ “დინამო” ტრადიციულად ლესელიძეში ემზადებოდა. იქ უამრავი გუნდი იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან და თავისუფალ დროს სხვადასხვა გასართობს იგონებდნენ. ერთხელ დინამოელებს “ოტელო” დაუდგამთ: მიშა ჯოჯუა ოტელო იყო და ნიკოლოზ თოდრია კი, დეზდემონა. მოვიდა ფინალური სცენა და ჯოჯუა ახრჩობს თოდრიას, ის კი იძახის რუსულად – “ია ნე ტაკაია!” და უძალიანდება ჯოჯუას. ამ ბღლარძუნში ფეხი აეწია ზემოთ და “დინამოს” ემბლემიანი “ტრუსიკი” არ გამოუჩნდა?!! დაიხოცნენ დამსწრე ფეხბურთელები სიცილით!

დირექტორი სტოლბაზე

ახალგაზრდობაში ხშირად ვეტრფიალებოდი ქალებს და ერთხელაც ლამაზი რუსის გოგო გავიცანი. დავუნიშნე შეხვედრა სტადიონზე და თანაც ვუთხარი – სტადიონის დირექტორი ვარ, უბრალო მუშა არ გეგონო-მეთქი! მოსულა ის ქალი სტადიონზე და დირექტორის კაბინეტში ვუკითხივარ... ნაღდი დირექტორი, ბორია პაიჭაძე მიმხვდარა, რაშიც იყო საქმე და არ გავუთქვივარ – მობრძანდით, ახლავე მიგიყვანთ დირექტორთანო. ამ დროს ბოძზე ვარ ასული, გამურული ვარ, მანტიროვკა მიჭირავს და მავთულებს ვაერთებ... ა, ბატონო, დირექტორიო, – უთქვამს ბორიას...

გამსახურდიას გაკვეთილი

1964 წელს ინკასატორად ვმუშაობდი და კონსტანტინე გამსახურდიასთან გამაგზავნეს ელექტრომრიცხველის შესამოწმებლად კოლხურ კოშკში. ამოვიწერე ციფრები და ჩემთვის რუსულად გავიმეორე ხმამაღლა. ბატონი კონსტანტინე შუა ეზოში იჯდა და რაღაცას კითხულობდა. ჩემი რუსულის გაგონებაზე, თავი აიღო წიგნიდან და გაბრაზებულმა ხმამაღლა მკითხა – რა გვარი ხარ ბიჭო შენ? შანიძე-მეთქი. მერე ქართული არ იციო? – შემარცხვინა დიდმა მწერალმა...

ქართულ-აფხაზური მეგობრობა

“დინამოში” ოჩამჩირელი აფხაზი ნიაზ ძიაპშიპა თამაშობდა. ერთხელ სახლში მიმიპატიჟა, ოჯახში რომ შევედი, ყველა აფხაზი იყო. გადაირივნენ სიხარულით და საპატიო ადგილას დამსვეს. თვალებში შემომციცინებდნენ, დედამისი კი აფხაზური ტრადიციისამებრ მოდიოდა, თავზე ხელს გადამისვამდა და მლოცავდა.

გაშაყირებული ეროსი

ვისაც ბილეთი სჭირდებოდა, ყველა მე მეძებდა. მეც ნემსის ყუნწში ვძვრებოდი. ერთხელაც ეროსი მანჯგალაძე მელოდება, ასე იცოდა ცხონებულმა, ბილეთი რომ დაჭირდებოდა, სტადიონზე გამოივლიდა და დაიძახებდა – მომიძებნეთ ყოვლისშემძლე კოსტიაო! მივედი და მოვატყუე, ბილეთები კი მაქვს (ჯიბეში მედო!), მაგრამ დიღმის ბაზაზე დამრჩა და წავიდეთ მოვიტანოთ-მეთქი. ჩავჯექით მანქანაში, მივდივართ და ეროსის ვეუბნები – მოდი სანამ მივალთ, ვითომ დღევანდელი რეპორტაჟი მიგყავს-მეთქი. ავარდა ეროსიც პატარა ბიჭივით (ბილეთებს ელოდება!) და დაიწყო: ყურადღება! ყურადღება! დღეს თბილისის “დინამოს” სტადიონზე... კარგა ხანს ვალაპარაკე, დიღმის ხიდს რომ მივუახლოვდით, სიცილი ვეღარ შევიკავე და ამოვიღე ბილეთები! უხ შენი კოსტია, შენც გამყიდეო, გადაიქნია თავი...

სიჭინავას უმაღლესი

ანდრო ჟორდანია არა მარტო დიდი მწვრთნელი, არამედ დიდი კაციც იყო! ერთი შეხედვით გამოიცნობდა მომავალ ვარსკვლავს და თან გადაჰყვებოდა. ჰოდა, ძალიან უყვარდა გიორგი სიჭინავა, ის კი დიდი ეშმაკი ვინმე იყო – სულ რეჟიმის დარღვევაზე ფიქრობდა. ერთხელაც შეკრებაზე ვართ და გოგოებში უნდა წასვლა, მივიდა და ანდროს უთხრა – ანდრეი დიმიტრიჩ, ჩავალ თბილისში, თორემ ხუთი თვეა უმაღლეს სასწავლებელში არ ვყოფილვარ და არ გამრიცხონო.…ანდროს თვალები მოუჭუტია – წადი, დიავოლ! იქნება უკვე დამთავრებულიც კი გაქვს უმაღლესი და ვერც კი გაიგეო...

არც მიხაილ იაკუშინთან გასდიოდა სიჭინავას ტყუილი – “ცბიერი მიხეი” ისე მიეჩვია, სიჭინავას ყოველდღე ვიღაცა რომ უკვდებოდა, სანამ ჟორა პირს დააღებდა, იაკუშინი დაასწრებდა-ხოლმე – გისამძიმრებო...

მოჩხუბარი გაგუა

გრიშა გაგუა ფეხბურთშიც მაგარი იყო და ჩხუბშიც ვერავინ შეედრებოდა! ყველას შიშის ზარს სცემდა. ერთხელ გაგრაში “დინამო” მოსკოვს ვეთამაშებით და მათი ბრწყინვალე ფეხბურთელი ილინი აუხირდა და დაარტყა. გრიშამ მოიგდო ძირს და იმდენი ურტყა, ვერ გააგდებინეს! მსაჯები მივარდნენ, აიყვანეს გრიშა, მას კი ილინი ფეხებშუა უჭირავს და ისიც აიყოლა! ვერაფრით გააშველეს, მოსკოველთა მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი იყო, რომელსაც იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, მხოლოდ მან დააშოშმინა გაგუა...

ერთხელ გრიშა “დინამოს” თამაშზე მიიჩქაროდა და სტადიონის დაცვამ, რომელსაც მაშინ თბილისის მახლობლად მდებარე მერვე პოლკის ჯარისკაცები შეადგენდნენ (ისინი უპატრონო ბავშვთა თავშესაფრიდან იყვნენ მოკრეფილნი და დაუნდობლობით იყვნენ ცნობილნი) სტადიონზე არ შეუშვეს. გრიშა გაგიჟდა და ჩხუბი დაუწყო. შემოეხვივნენ ჯარისკაცები, გრიშა დატრიალდა და ვისაც დაარტყა, ყველა დააგდო! მთელი პოლკი გაგუას შემოეხვია და ბოლოსდაბოლოს კი სცემეს, მაგრამ სტადიონზე მაინც შევიდა!

...ერთადერთი კაცი, ვისაც გრიშამ შეარჩინა, 1937 წელს ბასკი ეჩებერია იყო! კი გითხარით, ბორის პაიჭაძემ მოგვატყუა – ეჩებერია მეგრელიაო და თამაშისას გრიშას რომ აუხირდა და დაარტყა კიდეც, გაგუამ ვაჟკაცურად მოითმინა და სტუმარს ხელი არ შეუბრუნა...

ვიტალის ბოლო ფოტო

იმ დღეს ვიტალი ვარჯიშიდან გამოვიდა, ზოლიანი მაისური ეცვა. დამიძახა: ძიაძ კოსტია, მოდი ამ ფორმაში გადამიღეო. ფერადი ფირი მქონდა და რამდენიმე გადავუღე. არ მომეშვა - მოდი ახლა მთელი ტანით გადამიღეო... ბურთზე ფეხი დაადო - ასე უფრო კარგად გამოვა, ვინ იცის, სად დაგჭირდებაო! ვარჯიშის მერე მითხრა, ჩემს ძმას გავუვლი ხონის კოლონიაში, პროდუქტებს დავუტოვებ და დედაჩემთან წავალ ოჩამჩირეშიო. ციოდა, ამხანაგიც წაჰყვა... წავიდა და...

სწორედ ის სურათი გავადიდეთ და ოჩამჩირეში მის სახლზე გაკრული იყო...

ჰოდა, დღეს კოსტია შანიძის დაბადების დღეა, შუადღისას გავეთავისუფლები სტადიონის დირექტორ ნიკა ჯღარკავას და შანიძეებისას გავწევ. ვიცი, ტრადიციულად დამხვდებიან დემიკო ლოლაძე, სიომა ბარქაია და იბო დოლიძე, მისაყვედურებენ, აქამდე სადა ხარო, თითო ჭიქას დავლევთ, ვიხუმრებთ, მოვიგონებთ წასულ ბიჭებს, მერე უამრავს გაიხსენებენ და მაცინებენ. როცა შევთვრებით, მოვეფერებით ერთმანეთს, კოსტიას დღეგრძელობას ვუსურვებთ, ვაჟკაცურად ხელიხელგადახვეულები გამოვალთ კლდიაშვილის ქუჩაზე და მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობებით ერთმანეთს, კოსტია შანიძის მომავალ დაბადების დღემდე...

ერთი მითხარით, სხვას ვის გადაუღია ფოტო თბილისის “დინამოს” სტადიონზე 1936 და 2013 წლებში?

worldsport.ge                  მამუკა კვარაცხელია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024