კვირას 14 აპრილს, ზესტაფონში საქართველოს ჩემპიონატის XXVII ტურის შეხვედრა გაიმართება. ადგილობრივი ზესტაფონი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დინამო თბილისს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.
14 აპრილს ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ასპარეზზე სამი შეხვედრა გამართა. 1991 წელს დინამომ ბათუმის ბათუმს უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა. თავის გამოჩენა რევიშვილმა, ცხადაძემ და ყაველაშვილმა მოახერხეს. 2000 წელს იგივე ანგარიშით თბილისელებმა ბოლნისის სიონს მოუგეს. შეხვედრაში გოლები ზირაქიშვილმა, ნემსაძემ და წიტაიშვილმა გაიტანეს. 2012 წელს დინამო ზუგდიდში ადგილობრივ ბაიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან რობერტინიომ და ძარიამ შეძლეს მეტოქის კარის აღება.
სსრკ– ს ჩემპიონატში 14 აპრილს დინამოელებმა 4 მატჩი ჩაატარეს. 1954 წელს თბილისელებმა მოსკოვის ტორპედოს უმასპინძლეს. გაგნიძისა და კოტრიკაძის გოლებით დინამოელებმა 2–1 დაამარცხეს მეტოქე. 1960 წელს ჩვენი გუნდი მოსკოველ სეხნიებთან 0–1 დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ ვილნიუსის სპარტაკს 3–1 ვაჯობეთ. კალოევის ორ გოლს ერთი ბურთი იამანიძემ მიამატა. 1973 წელს თბილისურ და კიევურ დაპირისპირებაში 0–1 ჩვენი სტუმრები გამოვიდნენ გამარჯვებული.