• Geo
  • Eng
25.10.2013
მორიგი გამარჯვება პირველ ლიგაში

პირველი ლიგის გათამაშების მეცხრე ტურის შეხვედრაში დინამო–2 სტუმრად ოზურგეთის მერცხალს დაუპირისპირდა. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 4:0 სძლია.

შეხვედრის პირველი წუთები ორივე გუნდმა ორთაბრძოლაში გაატარა. დინამოელებს უპირატესობის მოსაპოვებლად მოედნის ცენტრში ხშირად უხდებოდათ კონტაქტში შესვლა. მატჩის 21–ე წუთისთვის მოპოვებული სათამაშო უპირატესობა ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშშიც ასახეს. შეტევის მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილის შორეულ დარტყმას გოლი მოჰყვა, მასპინძელთა კიპერმა ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა – 1:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. პირველი ნახევრის მიწურულს 44–ე და 45–ე წუთებზე მეტოქის კარის აღება ზედიზედ ორჯერ შეეძლო ბიძინა მახარობლიძეს, რომელსაც ორივეჯერ სიზუსტემ უმტყუნა.

მეორე ტაიმი თბილისელმა ფეხბურთელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს და შეხვედრის 52–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდეც გაზარდეს. საგოლე იერიში დინამოელებმა კვლავ მარცხენა ფლანგიდან წამოიწყეს, ბუდუ ზივზივაძემ მეტოქის კარის დალაშქვრა ურთულესი სიტუაციიდან მოახერხა– 2:0. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუდმა შეხვედრის 76–ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა – 3:0. დღევანდელი მატჩის საფინალო ანგარიში კი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე დაფიქსირდა. შეცვლაზე შემოსულმა საბა ლობჟანიძემ დინამოელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა – 4:0.

დღევანდელი მოგების შემდეგ დინამო–2 სატურნირო ცხრილში 9 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოპოვებული 13 ქულით VII პოზიციაზე იმყოფება.

 

მერცხალი 0:4 დინამო–2

გოლები: 0:1 შერგელაშვილი 21’ 0:2 ზივზივაძე 52’ 0:3 ზივზივაძე 76’ 0:4 საბა ლობჟანიძე 90’

 

მერცხალი: მურუსიძე, ქობულაძე, მექვაბიშვილი, ქარჩილაძე, სერგო გელას ძე ჩიგოგიძე, პაპავა (ჩხაიძე 70’), ხამაშურიძე, სურგულაძე (სერგო ვალერის ძე ჩიგოგიძე 57’), კოტრიკაძე, ჯაყელი (ათუაშვილი 46’), ხინთიბიძე

 

დინამო–2: ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, გიორგი ლობჟანიძე (ბაჩიაშვილი 80’), სამხარაძე, შერგელაშვილი, სარიშვილი, მახარობლიძე (საბა ლობჟანიძე 65’), ჭეჭელაშვილი, ჯიშკარიანი (კიტოვანი 74’), დიასამიძე, ზივზივაძე

 

გაფრთხილება: ქარჩილაძე 39’ – სარიშვილი 81’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024