ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის XXXI ტურის შეხვედრას 12 მაისს სტუმრად, საჩხერის ჩიხურასთან გამართავენ. დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა, ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.
ინტერესს იწვევს დინამოსა და ჩიხურას ხვალინდელი დაპირისპირება. დედაქალაქელები ივანწმინდას ჩემპიონის რანგში ეწვევიან. მიმდინარე სეზონში დინამო მეოთხედ დაუპირისპირდება ჩიხურას, თუმცა არა უკანასკნელად – წინ საქართველოს თასის ფინალია.
ხვალინდელი მატჩის წინ გავიხსენოთ დინამოსა და ჩიხურას ბოლო მატჩები. ჩვენმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს დიდი ანგარიშით – 5:0 სძლიეს, ჩიხურამ კი ბოლნისში, ადგილობრივ სიონთან მინიმალური ანგარიშით – 0:1 წააგო.
ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დინამოელთა უპირატესობა საგრძნობია. ეროვნულ ჩემპიონატში თბილისელი ფეხბურთელები ჩიხურას ხუთჯერ შეხვდნენ. ოთხი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ერთიც კი ფრედ – გატანილი გოლების გარეშე. ბურთების შეფარდება 16:3 არის.
რამდენიმე ფეხბურთელს მოისაკლისებს საჩხერის ჩიხურა. ხვალინდელ თამაშს გამოტოვებენ გიორგი რეხვიაშვილი და დავით ოდიკაძე, რომლებიც ჩიხურაში განათხოვრების წესით თამაშობენ.
აღსანიშნავია, რომ ხვალინდელი მატჩის წინ, დინამოელთა შემადგენლობაში არცერთი დისკვალიფიცირებული მოთამაშე არ არის. საინტერესოა, თუ როგორი იქნება ჩვენი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული. ჩვენი ვარაუდით, მეტოქე შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:
სომხიშვილი, კაშია, საჯაია, ბერიანიძე, გუშარაშვილი, ჩიკვაიძე, კვასხვაძე, კიკრიტაძე, დეკანოიძე, ჩხეტიანი, გოცირიძე