• Geo
  • Eng
26.06.2013
ირაკლი ლექვთაძე - დინამო ძალიან მომენატრა

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა ირაკლი ლექვთაძე დიდი ხნის დინამოელია. 21 წლის ფლანგის ნახევარმცველმა განვლილი სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სიონში გაატარა. ახლა კი ირაკლი დინამოსთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება და ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ სამივე საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი ლექვთაძე - დინამო ძალიან მომენატრა, აქ ჯერ კიდევ აკადემიის პერიოდიდან უკვე შვიდი წელი ვარ და თავს დინამოს დიდი ოჯახის წევრად მივიჩნევ. ფეხბურთის ენა აქ ვისწავლე. დინამოს მაისურის ჩაცმა ყოველთვის ძალიან მახარებს. დაბრუნებულს, ვარჯიშებზე თავიდან ძალიან გამიჭირდა, არ ვიყავი ტონუსში. ძალიან მონდომებული ვარ, ვცდილობ დარჩენა დავიმსახურო და გუნდში ადგილი დავიმკვიდრო. ვფიქრობ, საჭირო გამოცდილება მივიღე. კეთილგანწყობას ყველას მხრიდან ვგრძნობ. მწვრთნელიც ხშირად მიხსნის თამაშის ნიუანსებს, პლიუს-მინუსებზე მითითებს. მეც ვცდილობ მისი დავალებები შევასრულო. შეკრებაზე ძლიერი მეტოქეები გვყავს, მათ წინააღმდეგ მეტი ყურადღებით თამაშს ვცდილობთ და ამ ეტაპზზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ძალიან მაგარ ადგილზე ვართ. პირობებიც კარგია. მხოლოდ ფეხბურთზე და ბურთზე ვფიქრობ. ყველანი გვერდში უდგევართ ერთმანეთს. ფეხბურთელები ერთად ვუყურებდით კენჭისყრის მიმდინარეობას. შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხვდა და ჩვენი ვალია ეს ეტაპი გადავლახოთ და შემდეგ წარმატებული გამოსვლით გულშემატკივარი გავახაროთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024