• Geo
  • Eng
28.06.2013
პირველი შეკრება პირველ გუნდთან ერთად

ჩვენი გუნდის ავსტირულ შეკრებაზე ყველაზე ახალგაზრდები, 18 წლის მცველები- ალექსანდრე გურეშიძე და ოთარ კაკაბაძე არიან. პირველ გუნდთან ერთად შეკრება მათთვის სადებიუტოა. ორივე მათგანი საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრებიც არიან და თბილისში დაბრუნების შემდეგ სანაკრებო შეკრებები ელით. გურეშიძე თანატოლებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მოემზადება, კაკაბაძე კი ვასილ მაისურაძის ხელმღვანელობით, სხვა დინამოელებთან ერთად ერთკვირიან სანაკრებო შეკრებას მინსკში გაივლის. ახალგზარდა დინამოელებს ავსტრიული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ, მაგრამ მანამადე ოთარს დაბადების დღე მოვულოცეთ. მას 27 ივნისს 18 წელი შუსრულდა.

ოთარ კაკაბაძე- უპირველეს ყოვლისა ყველას მადლობა მინდა ვუთხრა მოლოცვისთვის. დათო კვირკველიასაც მინდა მივულოცო დაბადების დღე. ისე მოხდა, რომ ერთ დღეს ორი იუბილარი ვიყავით და ვახშამზე ორი სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. გახარებული ვარ, რომ მწვრთნელი ჩვენით დაინტერესდა და ვეცდები ეს ნდობა გავამართლო. ყველამ ძალიან თბილად მიგვიღო და ყველანაირად ხელს გვიწყობენ. 

ალექსანდრე გურეშიძე ძალიან სასიამოვნოა და სასიხარულო, რომ დინამო თბილისის პირველ გუნდთან ერთად გვიწევს შეკრებაზე ყოფნა. მოგვეცა შანსი თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ამისათვის შესანიშნავი პირობებია. სიწყნარე, სიმშვიდე. ფეხბურთელები, მწვრთნელები, სტაფის წევრები მუდმივად მხარში გვიდგანან. შევეცდებით მაქსიმალურად მოვინდომოთ.

ორივე თქვენთაგანი დაცვის ხაზში თამაშობთ. დინამოელთა დაცვის ხაზი კი გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომლექტებული. ალბათ ბევრ სასარგებლოს სწავლობთ?

ოთარ კაკაბაძე- ყველასგან რაღაცას ვსწავლობთ. ზოგისგან ბრძოლას და თავდადებას მოედანზე, ზოგისგან ინდივიდუალურ ოსტატობას. ბიჭები ძალიან თბილად გვექცევიან.

ალექსანდრე გურეშიძე- ხშირად მიფიქრია ამა თუ იმ საფეხბურთო ეპიზოდში როგორ მოვიქცეოდი. როდესაც ყურადრებით ვაკვირდები ჩვენი თანაგუნდელების ვარჯიშს, მივმხდარვარ, რომ ვცდებოდი. ასეთი გამოცდილი და პროფესიონალი ფეხბურთელების გვერდით ვარჯიში ჩემთვის დიდი სკოლა და სიამოვნებაა.

პირველ შეკრებაზე ამხანაგური მატჩებისას მაყურებლის როლში გიწევთ ყოფნა.

ოთარ კაკაბაძე- შახტარის და კლუჟის თამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე ვუყურებდით. მათთან ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, რომელსაც დიდი ყურადღებით ვადევნებით თვალს და ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენც სამომავლოდ სწორედ ასეთი თამაშებისთვის გვამზადებენ.

ალექსანდრე გურეშიძე- განვლილმა თამაშებმა ცხადყო, რომ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაშები იყო ყველამ დიდი მონდომებით ითამაშა. ჩვენც ცდას არ დავაკლებთ, რათა დინამოს განუყოფელ ნაწილად ვიქცეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024