• Geo
  • Eng
15.08.2013
დინამოელთა სანაკრებო დღე

14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მსგავსად ამხანაგური შეხვედრები გამართეს 21–წლამდელთა და 19–წლამდელთა გუნდებმაც.

 

ეროვნული ნაკრები ასტანაში, ყაზახეთის ნაციონალურ გუნდს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. დინამოელი ელგუჯა გრიგალაშვილი თამაშში მატჩის 46–ე წუთზე ჩაერთო. ჩვენი გუნდის მარცხენა ფლანგელი, დავით კვირკველია მოედანზე 64–ე წუთზე გამოვიდა, ხოლო დინამოელთა კაპიტანი – გიორგი ლორია, მატჩის ბოლომდე სათადაგოთა სკამზე იმყოფებოდა.

 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იურმალაში, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და მეტოქეს 4:0 სძლია. 21–წლამდელთა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო დინამოელი გიორგი პაპავა, რომელმაც შეუცვლელად იასპარეზა.

 

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პოლონელ თანატოლთა გუნდს უმასპინძლა. სპარინგი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო დინამოელი სანდრო გურეშიძე, 45–ე წუთზე კი მოედანზე დინამოს კიდევ ორი მოთამაშე – გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძეც ვიხილეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024