• Geo
  • Eng
01.09.2013
დუბლები სრული სვლით

საქართველოს უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრა დინამოელებმა ლანჩხუთში, ადგილობრივ გურიასთან გამართეს. შეხვედრა ძლიერი წვიმის თანხლებით წარიმართა, ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხა.

 

სათამაშო უპირატესობა დინამოელებმა მატჩის დებიუტშივე მოიპოვეს. თბილისელ ფეხბურთელებს ანგარიშის გახსნა შეხვედრის მეცამეტე წუთზე შეეძლოთ, ხელსაყრელ პოზიციაზე გასულმა ვანო წილოსანმა ხეირიანად ვერ დაარტყა, მისი გასროლილი ბურთი მასპინძელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის მეთვრამეტე წუთზე ლანჩხუთელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა საბა კვერნაძემ შეასრულა, თუმცა ლლანჩხუთელთა კიპერმა ეს დარტყმც გააუვნებელყო. შეხვედრის მეცხრამეტე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს – გიგა სამხარაძემ საჯარიმოდან პირდაპირ კარისკენ დაარტყა და ბურთი ბადეში გაეხვა – 1:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. დაპირისპირების 38–ე წუთზე დინამოელთა კიპერმა, ტარიელ ხაინდრავამ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. პირველი ტაიმის მიწურულს,  შეხვედრის 45–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა საბა კვერნაძემ გაზარდა – 2:0.

 

მეორე ნახევარი კიდევ უფრო მაღალ ტემპში დაიწყო. საწყის წუთებში უპირატესობის მოსაპოვებლად გუნდები ძირითადად მოედნის ცენტრში იბრძოდნენ. 75–ე წუთზე ჩვენ ფეხბურთელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მეკარესთან პირისპირ გასული ვანო წილოსანის დარტყმული მეკარემ უხერხულად მოიგერია, დამატებაზე თენგიზ გოროზია ცდილობდა ლანჩხუთელთა კარის დალაშქვრას, თუმცა ბურთი მცველმა კუთხურზე მოიგერია. 76–ე წუთზე დინამოელებმა მეტოქეს მესამე გოლი გაუტანეს. გურულთა კარი დავით ვოლკოვმა დალაშქრა. დაპირისპირების საფინალო ანგარიში კი შეხვედრის 94–ე წუთზე დაფიქსირა. გოლი მასპინძელთა მერვე ნომერმა, ნიკოლოზ წერეთელმა გაიტანა.

 

ამრიგად დინამოელებს ოთხი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

 

გურია 1:3 დინამო

გოლები: 0:1 სამხარაძე 18’ 0:2 კვერნაძე 45, 0:3 ვოლკოვი 76’ 1:3 ნ. წერეთელი

 

გურია: იმერლიშვილი, წილოსანი, ფირცხალაიშვილი, ინგოროყვა, ბ. წერეთელი, ჯოხაძე, ნ. წერეთელი, მალანია (ქინქლაძე 80’), გოგუა (ნარიაშვილი 46’), ბახია, შარაშენიძე

 

დინამო: ხაინდრავა, სარიშვილი (ველიაშვილი 80’), გ. ლობჟანიძე, სამხარაძე, მურუსიძე, ჭეჭელაშვილი (კახნიაშვილი 76’), ჯაფიაშვილი, გოროზია (ვეკუა 76’), კვერნაძე (ვოლკოვი 57’), წილოსანი, მესხი (ურჩუხაშვილი 70’)

 

გაფრთხილება: შარაშენიძე – გოროზია, მესხი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024