• Geo
  • Eng
01.09.2013
გურია VS დინამო – მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთის გურიასთან გამართავენ. 2 სექტემბერს ქობულეთის ცენტრალურ სტადიონზე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, დაპირისპირების ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

 

1926 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთოკლუბის თავდაპირველი სახელწოდება კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხვრებას კიმის ნაცვლად კომეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს, იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალას ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის გათამშებაზე პირველმა მიაღწია წარმატებას. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმც აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. გასულ სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

 

 

მწვრთნელი და გურია

 

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ლანჩხუთის გურიას მიმდინარე წლის 23 ივლისს ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში დავით მახარაძე, რომელიც წინა სეზონში ფოთის კოლხეთის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. მისი ხელმძრვანელობით მიმდინარე სეზონში გურიამ ოთხი მატჩი (3 ჩემპიონატში, 1 თასზე) ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 2 შემთხვევაში მოიგო (გურია 1:0 მერანი, გურია 5:1 საპოვნელა), 2–ჯერ კი დამარცხდა (ვიტ ჯორჯია 3:0 გურია, სიონი 2:0 გურია).

 

 

დინამოდან – დინამომდე

 

ჩვენი გუნდი ლანჩხუთის გურიას უკანასკნელად გასულ სეზონში დაუპირისპირდა. უმაღლესი ლიგის დებიუტანტი გუნდის წინააღმდეგ დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე იასპარეზა. მიმდინარე წლის 13 მარტს წყვილის პირველი მატჩი ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში კი ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 3:2 სძლია. 10 აპრილს დინამო არენაზე გამართულ მატჩში ორი გოლი გაიტანა გიორგი მერებაშვილმა, დარკო გლიშიჩის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კი გურულთა მეკარემ, გიორგი ძაძამიამ საკუთარ კარში ჩაჭრა. მიმდინარე სეზონში გურიამ 4 მატჩი ჩაატარა – 2 მოგება (გურია 1:0 მერანი, გურია 5:1 საპოვნელა) და 2 მარცხი (ვიტ ჯორჯია 3:0 გურია, სიონი 2:0 გურია), ასეტია ლანჩხუთელთა მონაგარი.

 

 

დინამო VS გურია

 

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 21 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 17 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი. ბურთების შეფარდება 66:11 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა. დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაცისს გამო, ხვალინდელ შეხვედრას როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის რიგებიდან ფეხბურთელები არ დააკლდებიან.

 

 

გურია VS დინამო

 

ქობულეთში გურიასა და დინამოს დაპირისპირებას სირიელი მსაჯი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის. მისი ასისტენტები კი ზ. მენთეშაშვილი და ბ. ჭიჭინაძე იქნებიან.

 

გურია. სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

 

ბობღიაშვილი – ჩუენსუ, ჯიშკარიანი, ჩიკვილაძე, იობაშვილი – კოშკაძე, დარჩიძე, კუკულაძე, კილაძე, ტორონჯაძე – შარაშენიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024