თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი თავის პირველ სპარინგ მატჩს უკრაინული პრემიერლიგის ლიდერ, დნიპრო 1-თან გამართავს. შეხვედრა ლარაში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.
სპორტული კლუბი დნიპრო-1 2017 წელს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს 31 000-იან დნიპრო არენაზე მართავს, საკლუბო ფერები კი ლურჯსა და ოქროსფერშია გადაწყვეტილი.
დნიპროს თავის ისტორიაში უკვე რამდენიმე გამორჩეული შედეგი აქვს დაფიქსირებული. გუნდი ორჯერ მიჯრით - 2017/18 და 2018/19 სეზონებში თასის ნახევარფინალში გავიდა. 2017/18 წლებში მეორე ლიგაში ვერცხლის მედლები დაიმსახურა (სადებიუტო სეზონი გუნდს სწორედ მეორე ლიგაში ჰქონდა). 2018/19 სეზონზე დნიპრო პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2019/20 სეზონიდან დნეპრელები პრემიერ ლიგაში ასპარეზობენ და ბოლო ტურნირზე ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვეს, რასაც ევროსაგზური და საბოლოოდ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი მოჰყვა. ჯგუფში უკრაინელებმა აზ ალკმაარის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს, აჯობეს რა კვიპროსულ აპოლონს და ლიხტენშტეინის ვადუცს. დნიპრო თებერვალში, ტურნირის მერვედფინალში კვიპროსულ აეკ-ს შეხვდება.
დნიპრო-1 თურქულ შეკრებაზე 8 იანვრიდან იმყოფება და წლის პირველ ამხანაგურ მატჩს სწორედ დინამოელებთან გამართავენ. გუნდის მთავარ მწვრთნელად შარშანდელი ივლისიდან, 40 წლის უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი - ოლექსანდრ კუჩერი მუშაობს.
ფოტო (c) დნიპრო 1-ის სოც. მედია