• Geo
  • Eng
21.01.2023
ჩვენი მეტოქე - ცრვენა ზვეზდა

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე სერბეთის სუპერლიგის ლიდერი და აღ. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი - ცრვენა ზვეზდა იქნება.

 

ბელგრადული გუნდი 1945 წელს, იუგოსლავიური ახალგაზრდული სპორტული გაერთიანების მიერ დაარსდა. სპორტული საზოგადოება 7 სახეობას აერთიანებდა. წითელი ვარსკვლავი საშინაო მატჩებს სერბეთის დედაქალაქში, რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე ატარებს. „მარაკანას“ ტევადობა 55 500 გულშემატკივარზეა გათვლილი. საკლუბო ფერები კი წითელი და თეთრია.

 

ცრვენა ზვეზდა აღ. ევროპის ერთადერთი გუნდი გახლავთ, რომელმაც ჩემპიონთა თასის და საკონტინენტთაშორისო თასის მოგება მოახერხა. 1991 წელს ევროპული უმთავრესი საკლუბო ტიტული ბელგრადელებმა მარსელის ოლიმპიკთან პაექრობაში მოიპოვეს, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი იმავე წლის ბოლოს, ჩილეს კოლო-კოლოს მოუგეს. 1979 წელს ცრვენა ზვეზდა უეფას თასის ფინალში გავიდა, დუელი კი ორი მატჩის ჯამში 1-2 მიუნხენგლადბახის ბორუსიასთან დათმო.

საშინაო არენაზე ცრვენა ზვეზდა ასევე წამყვანი კლუბია. იუგოსლავიის პირველი ლიგა, რომელიც 1992 წლამდე ტარდებოდა 19 ტიტულით, ხოლო თასის გათამაშება 12 ტიტულით დაასრულეს წითლებმა. იუგოსლავიის სუპერთასი ორჯერ მოიგეს, ლიგის თასი კი ერთხელ. სერბეთი-ჩერნოგორიის ლიგა გუნდმა 5-ჯერ მოიგო, ხოლო თასი 9-ჯერ. რაც შეეხება სერბეთის პირველობას - აქ რედ სტარი პარტიზანთან ერთად 8/8 საჩემპიონო ტიტულს ინაწილებს, თასი კი ჩვენმა მომავალმა ოპონენტმა 4-ჯერ აღმართა.

წითელ-თეთრი ფორმა სერბული და იუგოსლავიური ფეხბურთის ისეთ ლეგენდებს ემოსათ, როგორიცაა: რაიკო მიტიჩი, დრაგოსლავ შეკულარაცი, დრაგან ჯაიჩი, ვლადიმირ პეტროვიჩი, დრაგან სტოიკოვიჩი, ვლადიმირ იუგოვიჩი, რობერტ პროსინეჩკი, დეიან სავიჩევიჩი, სინიშა მიხაილოვიჩი, პერიცა ოგნიენოვიჩი, დეიან სტანკოვიჩი, ნემანია ვიდიჩი და სხვა.  

მიმდინარე ჩემპიონატში ცრვენა ზვეზდა 19 ტურის შემდეგ 53 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას, უსწრებს რა 10 ქულით თავის მთავარ კონკურენტ - თანაქალაქელ პარტიზანს. ევროპა ლიგის გათამაშება ბელგრადელებმა ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილზე დაასრულეს. ჯგუფში კი 10/10 ქულით გამსვლელი ადგილები მონაკომ და ფერენცვაროშმა გაინაწილეს. მესამეზე ტრაბზონსფორი გავიდა.

 

დინამოსა და ცრვენა ზვეზდას გზები ევროპა ლიგის გათამაშების მესამე ეტაპზე 2009 წელს გადაიკვეთა. თბილისური შეხვედრა 30 ივლისს დინამოელებმა გიორგი მერებაშვილის და ლევან ხმალაძის გოლებით 2-0 მოიგეს. 6 აგვისტოს კი მარაკანაზე მასპინძლებმა 5-2 იმარჯვეს. ლეკიჩის ავტო გოლს პირველივე ტაიმში შედეგიანი დარტყმა მათე ვაწაძემ მიამატა.

 

სერბები თურქულ შეკრებაზე 8 იანვრიდან იმყოფებიან და სამი ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრეს. 15 იანვარს ზვეზდამ 3-1 გდანსკის ლეხიას მოუგო, ხოლო 19 იანვარს ბაქოს ნეფთჩის 1-0 აჯობა. 21 იანვარს სლოვენიურ კოპერს ასევე მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგეს. ბელგრადელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლიდან ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - მილოშ მილოევიჩი მუშაობს.  

 

2022 წლიდან ბელგრადული გუნდის ღირსებას დინამოს აკადემიის აღზრდილი, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი - ირაკლი აზაროვი იცავს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024