• Geo
  • Eng
11.07.2014
დინამომ ახალწვეულები წარადგინა

დღეს დინამო არენას მედია დარბაზში სეზონის წინა პრესკონფერენცია და გუნდის ახალწვეულების წარდგენა შედგა.  

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- მიხალ ბილეკმა, დინამოს დირექტორმა- ლევან ზუხბაიამ და სპორტულმა მენეჯერმა- ირაკლი ვაშაკიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მიხალ ბილეკი- უპირველესად ყველას მოგესალმებით. გუნდმა ჰოლანდიურ შეკრებაზე ისევე, როგორც თურქეთში მთავარი ყურადღება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დაუთმო. ჰოლანდიაში 5 სპარინგ მატჩიც გავმართეთ. ამ თამაშებში შედეგზე უფრო მთავარი მიზანი მაინც გუნდის ფიზიკური და ტაქტიკური გამართვა იყო. შეამჩნევდით, რომ ყველა შეხვედრაში მივმართავდით როტაციას და ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს მიეცა თავის წარმოჩენის შანსი. ბოლო თვის მანძილზე კარგად გავიცანი გუნდი და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობებიც ვიცი. დატვირთული ფიზიკური მზადების შემდეგ, ამ კვირიდან გადავედით ერთჯერად ვარჯიშებზე. წინ ევროთასებზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის. საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეგვხვდა აქტობეს სახით. რთული მატჩები გვექნება, თუმცა ჩვენი უპირატესობა სიტყვების ნაცვლად მოედანზე უნდა წარმოვაჩინოთ.

ლევან ზუხბაია- მოგესალმებით. მოგეხსენებათ ჩვენმა გუნდმა ორი შეკრება გაიარა, ჯერ თურქეთში, შემდეგ ჰოლანდიაში. მაქსიმალურად ვცადეთ მთავარი მწვრთნელისთვის ხელი შეგვეწყო, მას ჰქონდა სრული თავისუფლება განესაზღვრა ის პოზიციები, რომლებსაც სჭირდებოდა გაძლიერება და ის ფეხბურთელები დაგვემატნენ, რომელიც მწვრთნელის აზრით გააძლიერებენ გუნდს. ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა, უახლოეს დღეებში, ჩვენი კლუბის ფან-შოპი გაიხსნება. თავიდან მინდა გთხოვოთ, რომ ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულები, ვინაიდან საქართველოში ფაქტიურად ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია და ხარვეზისგან ვერ ვიქნებით დაზღვეულნი. ჩვენ ვეცდებით ქომაგების მოსაზრებები გავითვალისწინოთ. პირველი ფან-შოპი აკადემიის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს, რასაც გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან- მომავალი იწყება აქ  ჩვენთვის მხოლოდ სლოგანი არ არის. ჩვენი ხედვით დინამოს მომავალი სწორედ აკადემიაა. შემდეგ ფან-შოპი ალბათ ქალაქის ცენტრშიც გაიხსნება. ყოველ სათამაშო დღეს, გულშემატკივრებს საკლუბო ატრიბუტიკის შეძენა დინამო არენაზეც შეეძლებათ.

ირაკლი ვაშაკიძე-  დიდი მადლობა მობრძანებისთვის, სასიამოვნოა, რომ დინამოს მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენთ. გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ვიმედოვნებ მოახლოებულ ოფიციალურ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

დინამოს ახალწვეულებს სათამაშო მაისურები გადაეცათ.

დინამოში ჩაირიცხნენ :

31 წლის ჩეხი ცენტრალური მცველი- რადეკ დოსოუდილი. დოსოუდილი ბოლო 2 სეზონის მანძილზე მლადა ბოლესლავის ღირსებას იცავდა, რომელიც ჩეხეთის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. დინამოს ახალწვეული 5 წლის მანძილზე სლოვაკეთში თამაშობდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ჯერ პეტრჟალკას შემადგენლობაში, შემდეგ კი ბრატისლავის სლოვანის რიგებში გახდა. დოსოუდილი პრაღის სპარტას აღზრდილია. იგი სლავიაშიც თამაშობდა, როდესაც გუნდი ჩეხეთის ჩემპიონი გახდა. იყო თურქულ დენიზლიშიც. ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში არის 2003 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილე. რადეკ დოსოუდილი 29 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

30 წლის ესპანელი ფორვარდი- რაფა ჯორდა. განვლილი სეზონის მეორე ნახევარი ჯორდამ იტალიის სერია B-ს სიენაში გაატარა. ჯორდას საფეხბურთო კარიერის პირველ ეტაპზე ჯერ ვალენსიას ახალგაზრდული გუნდი, შემდეგ კი ნუმანსია იყო. მერე იყო  ბენიდორმი, ალიკანტე, ერკულესი და 2 სეზონი ლევანტეში, საიდანაც ჯორდა ჩინურ გუიჩჯოუ ჟენხეში გადავიდა, სადაც თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და თასის მფლობელი გახდა. ჯორდას კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. რაფა ჯორდა 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

25 წლის მცველი- ლაშა თოთაძე, რომელიც სხვადასხვა პერიოდში საფეხბურთო კლუბ გაგრას, უნგრული დიორ ეტოს, გორის დილას შემადგენლობაში გამოდიოდა. განვლილ სეზონში კი ბოლნისის სიონში თამაშობდა. ლაშა თოთაძე 3 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

23 წლის ფორვარდი- გიორგი ჩირგაძე.  ჩირგაძემ საფეხბურთო კარიერა აშშ-ს რედ ბულში დაიწყო. განვლილი სეზონი მან რუსთავის მეტალურგში გაატარა. გიორგი ჩირგაძე 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

28 წლის ესპანელი ნახევარმცველი- რაფა გარსია. რაფა გარსიამ კარიერის დიდი ნაწილი რაიო ვალეკანოში გაატარა. 2012-2013 წლების სეზონში იგი იჯარის წესით ხერესში თამაშობდა. განვლილ სეზონში კი სეგუნდა დივიზიონის ლუგოს ღირსებას იცავდა. რაფა გარსია 27 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. იგი თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024