დღეს დინამო თბილისის U-19 გუნდი, რომელიც დორტმუნდში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე RUHR CUP 2014 იმყოფება, ორ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდი პირველ მატჩს მასპინძლების, დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს. მეორე მატჩი კი ვიქტორია პლზენთან (რომელმაც ტურნირზე ადრე დაანონსებული პირეოსის ოლიმპიაკოსი ჩაანაცვლა) 21:30 საათზე დაიწყება. ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მატჩები ორი 20 წუთიანი ტაიმებისგან შედგება. მესამე- მეოთხე ადგილებს გუნდები 30 წუთიანი ტაიმებით გაითამაშებენ. ფინალი კი 40 წუთიანი ტაიმებით ჩატარდება.
დინამოელები დორტმუნდში სასტუმრო l’Arrivee hotel & spa- ში დაბინავდნენ. კახი გოგიჩაიშვილმა გერმანიაში 18 ფეხბურთელი იახლა: გოგი კულუა, ვახტანგ კაპანაძე, ზურაბ ჯაფიაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიგა სამხარაძე, ვაჟა ქიქავა, საბა კვერნაძე, გიორგი ვეკუა, ოთარ კობახიძე, დავით ვოლკოვი, არჩილ მესხი, ლევან ისიანი, ვასიკო გოგოლიძე, ფირუზ მარაქველიძე, თორნიკე მაჭავარიანი, ნიკა ლაშხია, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ანდრო ნემსაძე.
აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის ტურნირზე პრაქტიკულად არცერთი ქართული კლუბის ახალგაზრდულ გუნდს არ უასპარეზია.