• Geo
  • Eng
07.08.2014
დინამო vs სამტრედია - ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან

10 აგვისტოს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში დინამო თბილისი სამტრედიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 29 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა. ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 29 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 22 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა. 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს. 4 შეხვედრა სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი  73/17 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს დინამომ 6:0 აჯობა ოპონენტს. ყაველაშვილის ჰეთ-თრიქს თითო გოლი ქეცბაიამ, ინალიშვილმა და რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. იაშვილი (2), კერძევაძე, დემეტრაძე, ინალიშვილი და ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. აშვეთიასა და შენგელიას დუბლს, კიკნაძემ, მუჯირმა და ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა გადელიამ, დათვაძემ, სახვაძემ, გოგოლაძემ და ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ხმალაძემ და ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი იელიჩის, არზიანის და ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 29 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ ექვსჯერ). 4 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2011 წლის 8 მაისს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 22- ე ჩემპიონატის XXXIII ტურის მატჩში, თომაშვილისა და ტატანაშვილის გოლებით 2:1 იმარჯვა დინამომ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024