• Geo
  • Eng
09.08.2014
დინამო VS სამტრედია – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას თბილისში, დინამო არენაზე, სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. 10 აგვისტოს შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით ტრადიციულად ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა შეგეძლებათ.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ სამტრედია 1936 წელს ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში.

საშინაო მატჩებს სამტრედია- ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის სათამაშო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას ჰქონდა 1994-1996 წლებში, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

კლუბში სხვდასხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და კახი კალაძეს.

 

 

მწვრთნელი და სამტრედია

სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელი 2014 წლის იანვრიდან გელა სანაიაა. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში, პირველ ლიგაში ჩატარებული ცამეტი თამაშიდან თერთმეტი შეხვედრა მოგებით, ერთი მატჩი საყაიმო ანგარიშით და ერთი შეხვედრა მარცხით დაასრულა. სამტრედიამ სატურნირო ცხრილში 65 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მიიღო.

 

 

დინამომდე...

სკ სამტრედია ახალ სეზონს საკმაოდ გადახალისებული და შეიძლება ითქვას საკმაოდ გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება. გუნდმა დაიმატა არაერთი გამოცდილი მოთამაშე. გიორგი ბეგაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი გაბედავა, გრიგოლ დოლიძე, გულვერდ თომაშვილი, რევაზ გეწაძე... ამიერიდან სამტრედისს ღირსებას დაიცავენ. ჩატარებულ ტესტ მატჩებში სამტრედია მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა კოლხეთთან. იმავე ანგარიშით დამარცხდა სანაიას გუნდი ტორპედოსთან. ხოლო სამგურალი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 2:0 დაამარცხა.

 

 

დინამო vs სამტრედია

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 29 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა. ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 29 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 22 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა. 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს. 4 შეხვედრა სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი  73/17 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს დინამომ 6:0 აჯობა ოპონენტს. ყაველაშვილის ჰეთ-თრიქს თითო გოლი ქეცბაიამ, ინალიშვილმა და რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. იაშვილი (2), კერძევაძე, დემეტრაძე, ინალიშვილი და ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. აშვეთიასა და შენგელიას დუბლს, კიკნაძემ, მუჯირმა და ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა გადელიამ, დათვაძემ, სახვაძემ, გოგოლაძემ და ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ხმალაძემ და ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი იელიჩის, არზიანის და ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 29 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ ექვსჯერ). 4 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2011 წლის 8 მაისს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 22- ე ჩემპიონატის XXXIII ტურის მატჩში, თომაშვილისა და ტატანაშვილის გოლებით 2:1 იმარჯვა დინამომ.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ორივე გუნდის სრული შემადგენლობით შეხვდება პირველი ტურის მატჩს.

 

 

დინამო VS სამტრედია მსაჯი

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს- ჯენერი ხორავა განსჯის. ჯენერი ხორავას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. ყრუაშვილი და ა. ნონიკაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ხ. გაგნიძე შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ჯენერი ხორავამ იმსაჯა 10 მაისს, ლატვიის ვირსლიგაში გამართული მეტა 0:2 დაუგავა გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ჯენერი ხორავამ ბოლოს 2013 წლის 10 აპრილს იმსაჯა. გურიას წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ სათასო შეხვედრაში, რომელიც დინამომ 3:2 მოიგო, მატჩის მთავარმა არბიტრმა ოთხი ყვითელი ბარათი გამოიყენა. სტუმართა ფეხბურთელს კი ორი ყვითელის გამო ავტომატურად წითელი ბარათიც უჩვენა.

 

სამტრედიის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში სამტრედიის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ბეგაშვილი – შალიკაშვილი, თომაშვილი, კიკაბიძე, კაკუშაძე – დათუნაიშვილი, დოლიძე, გეწაძე, ქებაძე ქანთარია, გაბედავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024