შაბათს, 17 მაისს, ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრას დინამო არენაზე მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.
ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 49–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 30 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი, ბურთების შეფარდება 96/38 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 8–ჯერ დაფიქსირდა და რვაჯერვე დინამოს სასარგებლოდ.
ბოლოჯერ კი ეს გუნდები 19 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. რუსთავში გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ჩისკომ და პაპუნაშვილმა გაიტანეს.