სამშაბათს 18 ნოემბერს დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდება. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალის პირველ შეხვედრას ქობულეთში, ჩელე არენა უმასპინძლებს. სათასო დაპირისპირება 14.00 საათზე დაიწყება.
18 ნოემბერი დინამო თბილისისა და მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია. ზუსტად 50 წლის წინ არაერთი მცდელობის შემდეგ დინამოელები პირველად დაეუფლნენ სსრკ- ს ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულს. ოქროს მატჩს 1964 წელს ტაშკენტმა უმასპინძლა, დინამოელებს კი მთავარ ტიტულზე პრეტენზიას მოსკოვის ტორპედო უცხადებდა. საბოლოოდ თბილისელებმა 4:1 დაამარცხეს მოსკოველები და ნანატრი ტიტულიც ჩაიბარეს. ფინალში დათუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მესხმა და მეტრეველმა გაიტანეს.
სულ 18 ნოემბერს დინამოელებს 6 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 5- ჯერ თბილისელებმა იმარჯვეს, ერთხელაც ჩვენმა მეტოქემ გაიხარა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 18/7 დინამოს სასარგებლოდ.
1939 წელს დინამო თბილისსა და მოსკოვის ცსკა- ს შორის საფეხბურთო თრილერი გათამაშდა, რომელშიც დინამოელებმა 5:4 იმარჯვეს. ხარბედიმ ორჯერ გამოიჩინა თავი, პაიჭაძემ, ბერძენიშვილმა და ჯეჯელავამ კი თითოჯერ დაამწუხრეს არმიელები. 1962 წელს იგივე მეტოქე, ოღონდ ამჯერად მარცხი მინიმალური ანგარიშით 0:1.
1997 წელს დინამომ ოთხი უპასუხო ბურთით დაამარცხა ზუგდიდის ოდიში. ორ-ორი გოლი ხომერიკმა და მუჯირმა შეაგდეს. 2006 წელს თბილისელებმა საჩხერეს ჩიხურას 3:1 აჯობეს. ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს გოლები. 2012 წელს ალვაროსა და ჩისკოს გოლებით ლურჯ-თეთრებმა ფოთის კოლხეთს 2:0 მოუგეს.