• Geo
  • Eng
19.12.2013
მერანი 0:2 დინამო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთვრამეტე ტურის მატჩი დინამოელებმა სტუმრად, სამტრედიაში გამართეს. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში მარტვილის მერანს დაუპირისპირდა და მეტოქე მშრალი ანგარიშით – 2:0 დაამარცხა. მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.

 

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შემდგარი დაპირისპირების პირველი წუთები ხისტ ორთაბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის მეცხრე წუთზე დინამოელთა იერიში კარში დარტყმით დასრულდა, ჯაბა დვალის გასროლილი არაზუსტი გამოდგა. მარტვილელთ ფეხბურთელებმა საპასუხო იერიში კი ჯემალ გაბუნიას სახიფათო დარტყმით დასრულდა, რომლიც თბილისელთა კარს საკმაო მანძილით აცდა. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა ანგარიში დაპირისპირების 23–ე წუთზე გახსნეს. დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩინებული პასი გაუკეთა გიორგი მერებაშვილს, რომელმაც ზუსტი და გამოზომილი დარტყმით მეტოქის კარის აღება მოახერხა – მერანი 0:1 დინამო. მატჩის 30–ე წუთზე ნომინალურმა მასპინძლებმა მორიგი იერიში წამოიწყეს, რომელსაც ლაშა კუჭუხიძის კარში დარტყმა მოჰყვა, მარტვილელ ფეხბურთელს დინამოელთა კიპერმა აჯობა და მომენტიც განიმუხტა. პირველი ტაიმის მიწურულს ჩვენ ფეხბურთელებს კიდევ ერთი ბურთის გატანა შეეძლოთ, თუმცა ჩისკო მუნიოსის დარტყმული ამჯერად მერანის მეკარემ, ჯონი შეროზიამ მოიგერია.

 

მეორე ტაიმი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო. მატჩის 52–ეწუთზე ჯერ დორინ გოგა ცდილობდა მეტოქის კარის აღებას, შემდეგ კი ჩისკო, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. ჯაბა დვალს გოლის გატანის საშუალება 61–ე და 63–ე წუთებზე კიდევ ერთხელ მიეცა, თუმცა მისი დარტყმული ორივეჯერ ასცდა მეტოქის კარს. დაპირისპირების 72–ე წუთზე მატჩის საფინალო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა დინამოს მაკედონიელმა ლეგიონერმა, დარკო გლიშიჩმა დააფიქსირა – მერანი 0:2 დინამო. დარჩენილ წუთებში თბილისელ ფეხბურთელებს კიდევ რამდენჯერმე მიეცათ გოლის გატანის საშუალება, თუმცა პატრიკ ვუომ ხელსაყრელი მომენტების გამოყენება ვერ მოახერხა.  

 

მერანი 0:2 დინამო

გოლები: 0:1 მერებაშვილი 23’

0:2 გლიშიჩი 72’

 

მერანი: შეროზია, მელიავა, კუჭუხიძე, ფონიავა, ღონღაძე, ბაბუნაშვილი (ჯღამაია 83’), კერძევაძე, ხუბუა, ციკოლია (ხუგუა 71’), გეგეჭკორი, გაბუნია

 

დინამო: ლორია, გველესიანი, ხმალაძე, კვარაცხელია, მერებაშვილი (გლიშიჩი 71’), პაპავა, ჩისკო (ვუო 80’), დვალი, ხურცილავა, კვირკველია, გოგა (სეთურიძე 83’)

 

გაფრთხილება: კერძევაძე 5’ მელიავა 28’ – მერებაშვილი 28’ ხურცილავა 35’ დვალი 53’ ხმალაძე 59’

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024