28.02.2020
რომან ფიფია: ეს გამარჯვება დიდი შემობრუნების დასაწყისი იქნება!.. ვფიქრობ, ბელგიელმა ექიმებმა ჩაკვეტაძის ოპერაცია დააგვიანეს

თბილისის "დინამოს" მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის ძალიან დიდია, ახლა - მით უმეტეს: საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ხომ მომავალ ზაფხულს ჩვენს ქვეყანას ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე წარადგენს...

გარდა ამისა, "დინამოს" საქართველოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვისაც მოუწევს ბრძოლა. გასულ სეზონთან შედარებით გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. სამწვრთნელო საჭესთან ახლა კახა ჩხეტიანია, თავად გუნდშიც არაერთი ახალწვეულია, მათ შორის - ლეგიონერებიც.

ცხადია, მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ და ჩემპიონატის სტარტის წინ სალაპარაკო ყოველთვის გროვდება. "ლელომ" ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან. ვფიქრობთ, გულშემატკივარს ეს საუბარი ძალიან დააინტერესებს...

- ბატონო რომან, ჩისკოს თემით დავიწყოთ. თქვენ თავის დროზე აღნიშნეთ, რომ არ გსურდათ ესპანელის გათავისუფლება, თუმცა სხვა გზა, უბრალოდ, არ გქონდათ...

- ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ჩისკომ კარგი კვალი დატოვა არა მხოლოდ "დინამოში", არამედ, მთლიანად ქართულ ფეხბურთში. ალბათ, ძალიან იშვიათია, იპოვო ისეთი ადამიანი, ვისაც არ მოსწონდა ჩისკო, როგორც - ფეხბურთელი და როგორც - ადამიანი. თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ მე არ მქონდა სხვანაირი გადაწყვეტილების მიღების არანაირი შანსი! რომ არა ლიცენზიის თემა, ჩისკო გააგრძელებდა მუშაობას "დინამოში". ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდით, მთელი წელი...

- ...და არჩევანი კახა ჩხეტიანზე შეაჩერეთ. რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?

- კახა გამორჩეული სპეციალისტია თანამედროვე ქართულ ფეხბურთში. მე ვუყურებდი "ტორპედოში" მის მუშაობას და ვერ ვნახე არგუმენტი, რომელიც შემეძლო დამეპირისპირებინა ამ არჩევანთან. ის არის სტაბილური და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. დისციპლინაც მაღალ დონეზე აქვს ფეხბურთელებთან და მეგობრული ურთიერთობებიც. ასე რომ, შემთხვევით ნამდვილად არ გამიკეთებია ეს არჩევანი.

- უნდა გთხოვოთ თურქული შეკრების შეფასება. რა თქმა უნდა, საფეხბურთო ნიუანსების ანალიზი უფრო მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ სიამოვნებით მოვისმენდით ზოგად შეფასებას კლუბის პრეზიდენტისგან...

 - შეკრებას რაც შეეხება, მე ჩავედი კიდეც კიევის "დინამოსთან" თამაშზე. ამჟამად ჩვენ გუნდში გვყავს 22-24 სრულფასოვანი ფეხბურთელი. შეკრებას აქვს თავისი კანონები. კახა ჩხეტიანს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ერთი შემადგენლობით ეთამაშა მატჩები. ასე იყო თუნდაც კიევის "დინამოსთან", სადაც არაერთი მოთამაშე შეიცვალა. ამის გამო, შედეგი ვერ მივიღეთ იდეალური, მაგრამ შეკრებებზე შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, რამდენიმე ავად გახდა... ნიუანსებზე კი უკეთ მთავარი მწვრთნელი ილაპარაკებს...

- რა თქმა უნდა, გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე დაკომპლექტებულია, მაგრამ ხომ არ არის მოსალოდნელი, ასე ვთქვათ, "წერტილოვანი" გაძლიერება?

- პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად არ არის დახურული თემა. გუნდში გვყავს საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები იმისთვის, რომ "დინამო" ღირსეულად ჩაებას საქართველოს ჩემპიონატში, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები თავდასხმის ხაზში. მხედველობაში უნდა მივიღოთ ლევან მჭედლიძისა და კვამე კარიკარის ტრავმები. ამის გამო, კახა ჩხეტიანს უწევს ორშულას გადაწევა წინა ხაზში. თავდასხმაში შეუძლია თამაში ბრაზილიელ პერნამბუკოს, აქვს ამის გამოცდილება. ის თავისი საქმის პროფესიონალია... ზოგადად, კმაყოფილი ვარ გუნდის ახალწვეულებით. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია ცენტრალური მცველი საიმონ ბენიო. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ გრძელვადიანი კონტრაქტები გაგვეფორმებინა ფეხბურთელებთან... ისევ ფორვარდის თემას მივუბრუნდები. დიდი იმედი მაქვს, მჭედლიძე და კარიკარი ითამაშებენ, მაგრამ, თუ ასე არ მოხდა, მაშინ მოგვიწევს სხვა ვარიანტზე დაფიქრება.

- ვიცით, რომ ბევრს აკეთებთ აკაკი შულაიას შესანარჩუნებლად. რა ხდება ამასთან დაკავშირებით?

- შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ის "დინამოსათვის" საჭირო ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ითამაშებს იმ დონეზე, რისი რესურსიც აქვს და წარმატებას მოუტანს გუნდს.

- შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ შულაია რჩება "დინამოში"?

- დიახ, ასეა.

- მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "დინამო" სუპერთასზე "საბურთალოსთან" დამარცხდა. წაგება სასიამოვნო არასდროსაა, მაგრამ სეზონის დასაწყისია და ჯერ ყველაფერი წინ არის. საინტერესოა, რა ემოციები დაგიტოვათ "საბურთალოსთან" მატჩმა? ან გარემომ, რომელშიც თამაში ჩატარდა?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდის თამაში მომეწონა. ვერ ვითამაშეთ. ვულოცავ "საბურთალოს" ამ გამარჯვებას! ჩვენ სუპერთასზე მომავალ წელსაც ვითამაშებთ... რაც შეეხება გარემოს. აღმასკომის სხდომაზე გამოვედი წინადადებით, რომ მომავალ წელს სუპერთასის მასპინძელი იყოს ქვეყნის ჩემპიონი. პრინციპში, ყველა ჩემი კოლეგა თანახმაა და მომდევნო აღმასკომზე გავიტანთ ამ საკითხს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვიქნებით თუ სხვა - ჩემპიონმა აირჩიოს სტადიონი. ჩვენ გვაქვს "დინამო არენა", "მიხეილ მესხი", გორის სტადიონი, "ტორპედოს" სტადიონი, ბათუმის ახალი არენა... თუ "დინამოს" ან სხვას აქვს სტადიონი, მაშინ რატომ არ უნდა გამოიყენოს ის? კი, შეიძლება არ გაივსოს ტრიბუნები, მაგრამ 5-10 ათასი მაყურებელი შეიძლება მოვიდეს. თანდათან მატულობს ინტერესი. ორივე გუნდის ქომაგი იყო სტადიონზე. ჩავატაროთ იქ, სადაც მაყურებელი  კომფორტულად იგრძნობს თავს.

- ზაფხულში "დინამო" ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს. როგორი "დინამო" წარმოგიდგენიათ ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე?

- ჩვენ წლეულს უფრო თავდაჯერებულად წარვსდგებით ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე შარშან - ევროპალიგაზე. უფრო მეტად უნდა ვიყოთ მზად და ამის მჯერა. საამისოდ, შესაძლობლობის ფარგლებში ყველაფერი კეთდება.

- ფაქტია, საქართველოს ჩემპიონატის თითქმის ყველა კლუბში გამოჩნდნენ ლეგიონერები არცთუ ცუდი კარიერული წარსულით. როგორ ჩემპიონატს ელით?

- ჩემი აზრით, ეს იქნება ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი, გაძლიერდნენ - "საბურთალო", ბათუმის "დინამო", "ლოკომოტივი", "დილა"... ასევე, გადმოსული გუნდებიც და თამაში იოლი არავისთან იქნება.

- ფაქტია, დიდი საქმე გაკეთდა ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბებით. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრების უმრავლესობას სწორედ თქვენი აკადემიის აღზრდილები და აღსაზრდელები წარმოადგენენ, აკადემიის აღზრდილები თამაშობენ ეროვნულ ნაკრებშიც. გარდა ამისა, თავისი ნიშა დაიმკვიდრა ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირმაც...

- რაც შეეხება ვიტალი დარასელიას ტურნირს, შეთანხმება გუნდებთან უკვე მიღწეულია და ინფორმაციაც უკვე გავავრცელეთ. მეხუთედ ჩატარდება ეს ტურნირი... გეტყვით, რომ, მაგალითად, "ბაიერნის" სტუმრობა ძალიან რეალური იყო, მაგრამ ამჯერად გადატვირთული კალენდრის გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, მაგრამ გვითხრეს, რომ მომავალ წელს უთუოდ გვეწვევიან. წელს ძალიან საინტერესო გუნდები ჩამოვლენ, მათ შორის, "მილანი". ბევრ გუნდს, სამწუხაროდ, უარსაც ვეუბნებით. აკადემია ფუნქციონირებს და მინდა გითხრათ, რომ იქ ბევრი ტალანტია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო აკადემიის ხელმძღვანელების, მწვრთნელების, ყველა თანამშრომლის ორგანიზებული, გამართული მუშაობა. იმავე დარასელიას ხსოვნის  ტურნირმა ბევრი ფეხბურთელი აღმოგვიჩინა - გიორგი ჩაკვეტაძე, ლევან ხარაბაძე... დღევანდელ მოცემულობას თუ მივყვებით - გაგნიძე, აბუაშვილი, აზაროვი და მრავალი სხვა. სხვათა შორის, აზაროვი პირველ გუნდში ითამაშებს...

- საიდუმლო არ არის, რომ ქართულ კლუბებს უჭირთ წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება. ნიკა ნინუას ჰქონდა კარგი შეთავაზებები, მაგრამ ის "დინამოში" დარჩა...

- მას ბრწყინვალე მშობლებიჰყავს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო!.. ნინუას დიდი მომავალი აქვს. მას ჯერ კიდევ შეუძლია მომატება "დინამოში". როცა დადგება წასვლის დრო, ზაფხული იქნება თუ წლის ბოლო, ამას ერთად ვნახავთ. ძალიან კარგია, როცა ფეხბურთელი აფასებს კლუბის ამაგს. ეს არის ის, რაც გულს მითბობს.

- რამდენად ხართ კმაყოფილი გიორგი ჩაკვეტაძის  კარიერის მიმდინარეობით?

- ჩემი აზრით, ბელგიელმა ექიმებმა დააგვიანეს ოპერაციის გაკეთება და გიორგის ამდენი დრო ამიტომაც გაუცდა. ქართველი ექიმებისთვის რომ დაეჯერებინათ, გიორგი უფრო ადრე იქნებოდა მზად. დიდი იმედი მაქვს, ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს. მას ამისთვის ყველა თვისება აქვს. თავმდაბალია, გაწონასწორებული, პროფესიონალი... მჯერა ისიც, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებთან ერთად გაახარებს ქართველ გულშემატკივარს.

- როგორც ბიზნესმენს, ისე უნდა გკითხოთ. დღეს ქართულ ფეხბურთში მოგება არ არის. მიზერული რაოდენობით იყიდება ბილეთები. ნაკლებია შემოსავლები ტელეტრანსლაციებიდან და სხვა - რა გაჩერებთ  ჩვენს ფეხბურთში?

- თავიდან, როცა გავაკეთე აკადემია, ბევრი ქილიკობდა და იცინოდა, ახლა კი ეს პოპულარული თემაა. ბევრი არასასიამოვნო გამონათქვამი მსმენია თუნდაც ჩემი მისამართით... მოკლედ გეტყვით - მთავარია ფეხბურთის სიყვარული!

- 26 მარტს მოუთმენლად ელის მთელი საქართველო. როგორია პირადად თქვენი მოლოდინი? მით უმეტეს, ნაკრების უმრავლესობას ის ფეხბურთელები შეადგენენ, სხვადასხვა დროს "დინამოს" სკოლა რომ გაიარეს...

- ეს არის მომენტი, როცა ყველა ფეხბურთელმა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს, ყველაფერს გადაახტეს... წაგების დაშვება არაფრით არ შეიძლება. არავინ უნდა დაუშვას ეს საკუთარ თავში! მესმის, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. აგერ, "რეალმა" წააგო "სიტისთან", მაგრამ ეს არ არის ტრაგედია "რეალისთვის". ეს მისი საკლუბო ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენ  სხვაგვარ ვითარებაში ვართ. ეს მატჩი, ეს გამარჯვება ქართულ ფეხბურთში დიდი შემობრუნების  დასაწყისი  იქნება და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ბელარუსის ნაკრებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს არ არის ის მეტოქე, რომლის დამარცხებაც არ შეგვეძლოს!..

 

28.02.2020

გაზეთი ლელო

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020