• Geo
  • Eng
21.02.2021
ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას, კიტეიშვილის... და სხვა ტალანტების აღზრდაში დინამოს აკადემიას მიუძღვის ლომის წილი!.. რომან ფიფია ამჯერად მხოლოდ აკადემიაზე...

თბილისის "დინამოს" აკადემია უკვე წლებია, წარმატებით მუშაობს. ამ აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელები საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების ბირთვს წარმოადგენენ.

ამიტომაც განსაკუთრებულია ჩვენი ყურადღება ქართული ფეხბურთის იმ სეგმენტის მიმართ, საიდანაც ქვეყანა ახალ ტალანტებს ელოდება.

"ლელო" სწორედ "დინამოს" აკადემიასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხებზე ესაუბრა თბილისური კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას...

 

- იწყება ახალი სეზონი და, შესაბამისად, თბილისის "დინამოს" აკადემიაც ემზადება მოახლოებული სეზონისთვის. რა შეგიძლიათ, გვითხრათ ამ პროცესზე?

- გასულმა წელმა, ცნობილი მიზეზის გამო, არაერთი პროექტის განხორციელებაში შეგვიშალა ხელი. პრაქტიკულად, ასაკობრივი ჩემპიონატები ვერც დასრულდა, თუმცა გამახარა ახალშექმნილმა "დინამოს" მეორე გუნდმა, რომელმაც რეგიონულ ლიგაში იჩემპიონა და ახალ სეზონს ლიგა 4-ში დაიწყებს.

ყველა გუნდი გეგმის მიხედვით ემზადება ახალი სეზონისთვის. რა თქმა უნდა, აკადემიაში გათვალისწინებულია კოვიდუსაფრთხოების ყველა ნორმაც და იმედს ვიტოვებ, წელს ხელის შემშლელი ფაქტორიც მინიმალურად იქნება და ჩვენი ახალგაზრდები უკეთ წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს.

- აქვე ვიტალი დარასელიას თასზეც გკითხავთ. პანდემიის გამო, შარშან ვერ მოხერხდა ტრადიციული ტურნირის გამართვა. წელს როგორ იქნება? შესაძლებლად მიგაჩნიათ ტურნირის ჩატარება?

- დიდი ალბათობით, წელსაც მოგვიწევს მისი გაუქმება. არადა, ტურნირმა უკვე საკმაო სახელი მოიხვეჭა. მოგეხსენებათ, არაერთი ევროპული გრანდის აკადემიის გუნდი მონაწილეობდა დარასელიას თასზე და ჩვენი ახალგაზრდებისთვისაც დიდი სკოლაა ეს...

აქვე ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის ყველა იმედისმომცემმა ქართველმა ფეხბურთელმა იასპარეზა ამ ტურნირზე და, რაც სასიხარულოა, 2019 წლის გათამაშება სწორედ დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. საერთოდ, "დინამოში" თავიდანვე ჩემი პრიორიტეტი ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდა და წარმოჩენა იყო, რაც ჩვენი კლუბის გარდა, საქართველოს ნაკრებსაც გამოადგება.

სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან "დინამოს" აკადემიაც ყველა ევროსტანდარტის დაცვით საზეიმოდ გავხსენით. მახსოვს, მაშინინდელი სკეპტიკური დამოკიდებულება, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში და არც შევმცდარვარ.

- ბოლო წლებში სისტემატურად ხდება ახალგაზრდა ფეხბურთელთა ინტეგრაცია პირველ გუნდში...

- მოგეხსენებათ, ჩვენთვის უმთავრესი პრინციპია - გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად გუნდის შემადგენლობის ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით შევსება. ყოველ სეზონზე რამდენიმე ახალგაზრდა ირგებს "დინამოს" პირველი გუნდის ფორმას.

ამ შეკრებაზეც გუნდს ანზორ მექვაბიშვილი, საბა ხვადაგიანი, ლუკა გაგნიძე, ნოდარ ლომინაძე, ლუკა კუტალაძე და ჯადული იობაშვილი ახლდნენ. გუნდს დაუბრუნდა იჯარით გაშვებული გიორგი მოისწრაფიშვილი... სასიამოვნოა ახალგაზრდების მიმართ გიორგი ნემსაძის დამოკიდებულებაც.

ისიც ხელს უწყობს ძირითად გუნდში მათ ინტეგრაციას... აქვე, მინდა აკადემიაში მომუშავე მწვრთნელთა პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. ის არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლისაც გულშემატკივარს ეიმედება, სწორედ მათი გამოზრდილია.

ცალკე ვიტყვი აკადემიის ხელმძღვანელ ლევან გვანცელაძეზე და მთავარ მწვრთნელ გიორგი ტუღუშზე, რომლებიც თავიანთ საქმეს პროფესიონალურად უძღვებიან.

- მახსოვს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით "დინამოს" თავისი ინტერესები გააჩნდა...

- ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც საფეხბურთო წესებს შეესაბამება. გვაქვს დაპირება, რომ "დინამოს" ინტერესები იქნება დაკმაყოფილებული და გათვალისწინებული. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით გავიარეთ კონსულტაციები უეფას წარმომადგენლებთან და წამყვან იურისტებთან, ასე რომ, სრულად ვიცით ჩვენი სამოქმედო გეგმა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ითქვა, რომ ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას დონის ფეხბურთელებს თავისუფლად და უპრობლემოდ წაიყვანდნენ ევროპულ კლუბებში...

- მოდით, რადგან ჩაკვეტაძე ახსენეთ, პირველ რიგში ვიტყვი, რომ მიხარია მისი გამოჯანმრთელება. დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში... ახლა რაც შეეხება კითხვას...

კი, მაგრამ, იმავე ჩაკვეტაძეს, ოთარ კიტეიშვილს, ხვიჩა კვარაცხელიას, საბა ლობჟანიძეს, ზუკა დავითაშვილს, გიორგი პაპუნაშვილს, ლუკა ლოჩოშვილს, ნიკა ნინუას... კიდევ არაერთ იმედისმომცემ ფეხბურთელს ევროპაში წაყვანამდე საფეხბურთო ანბანის სწორად შესასწავლად და საფუძვლიანად ასათვისებლად ხომ წლები დასჭირდათ?!

ამ ბიჭების მთავარი მახასიათებელია შრომისმოყვარეობა. მათ წარმატებაში, მათ ზრდასა და საფეხბურთო მსოფლმხედველობის დახვეწაში სწორედ "დინამოს აკადემიას" მიუძღვის ლომის წილი - აკადემიას, რომელიც, არ მომერიდება ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

- ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები საფეხბურთო აგენტების ყურადღებას იქცევენ. როგორია ამ აგენტებთან თქვენი აკადემიის ურთიერთობა?

- ჩვენ ბევრ აგენტთან და, მათ შორის, ქართველ აგენტებთანაც გვაქვს ურთიერთობა, სამომავლო გეგმებიც დალაგებული გვაქვს... რა თქმა უნდა, პატივსაცემია, როცა აგენტი, პირველ რიგში, კლუბის ინტერესებს ითვალისწინებს და ასეთი აგენტი ყოველთვის პატივცემულია ჩვენგან, მათთვის ჩვენი კლუბის კარი ღიაა.

ყველასთან ვთანამშრომლობთ და ვსაუბრობთ, ვინც წინა კარიდან შემოდის და ჩვენი გვერდის ავლით არ აწარმოებს საქმეს. და კიდევ ერთი - ჩვენი აკადემიის ნიჭიერ ფეხბურთელებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ევროპული კლუბებიდან.

- მარცხენაფლანგელ ლევან ხარაბაძის ამბავიც გვაინტერესებს. ის ზაფხულის შემდეგ გუნდშია, თუმცა ჯერ კიდევ ვერ თამაშობს...

- ლევან ხარაბაძე ბოლო პერიოდში ტრავმებმა გააწამა. ფაქტობრივად, ამის გამო ვერ აეწყო მისი საქმეები "ციურიხშიც". ახლა მომჯობინდა და ჩვენ მისი გვეიმედება. ვიტყვი ახალგაზრდა შემტევ გიორგი აბუაშვილზეც. ისიც საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიულია. გიორგი ნემსაძე ახლო პერიოდში მას პირველ გუნდშიც განიხილავს.

- აქვე, ორ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელზეც უნდა გკითხოთ. ირაკლი აზაროვი, რომელიც პატარობიდანვე "დინამოს" აკადემიაში იზრდებოდა, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა;

დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი, რომელიც თბილისის "დინამოს" საკუთრებაა და ამ სეზონში ყველა მის დაბრუნებას ელოდა, ახალი სეზონის ბოლომდე იჯარით კვლავ "ლოკომოტივში" ითამაშებს... საინტერესო იქნებოდა თქვენი განმარტება ამ საკითხზე...

- ირაკლი აზაროვის ბათუმში გადასვლა კლუბებს შორის შეთანხმებით მოხდა. ამით ჩვენი კლუბის ინტერესებიც დაკმაყოფილებული და გათვალისწინებულია...

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ამ მართლაც უდაოდ ნიჭიერ მეკარეს, ჩვენ გვქონდა ამ სეზონშივე მისი დაბრუნების სურვილი, თუმცა გუნდში ამჟამად მყოფი მეკარეებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ გიორგის კიდევ ერთი სეზონით გაეგრძელებინა იჯარა. ამ მეკარის დიდად გვეიმედება და, საერთოდაც, ჩვენს აკადემიაში უკვე არაერთი ნიჭიერი მეკარე აღიზარდა.

ზოგადად, გვეამაყება, რომ "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელები, ჩვენი ძირითადი გუნდის გარდა, ყველა ასაკობრივ ნაკრებს ამარაგებენ და ყოველწლიურად მათი რიცხვი, დაახლოებით, 70-80 ფეხბურთელამდე ადის. ვეცდებით ამ თამასამ ქვემოთ არ დაიწიოს.

 

გაზეთი ლელო  22.02.21

http://bit.ly/3k9JSuo

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024