ჩვენი კლუბის საფეხბურთო აკადემიის მოედნებზე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი მიმდინარეობს. შეჯიბრება სამ ასაკობრივ გათამაშებას მოიცავს და მასში მონაწილეობას აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, თბილისის, აჭარის, აფხაზეთის, იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს, მესხეთ–ჯავახეთის, ლეჩხუმის, შიდა და ქვემო ქართლის, მთიანეთისა და კახეთის მოწინავე საფეხბურთო სკოლების U–8, U–9 და U–10 გუნდები იღებენ. თამაშები დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის, საბურთალოს, ოლიმპიკის, შრომითი რეზერვების, ჩემპიონისა და საქართველოს უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედნებზე იმართება.
აღნიშნულ ფესტივალზე ჩვენი გუნდის სამი ასაკობრივი გუნდი ასპარეზობს. ოთხი ჩატარებული შეხვედრიდან ოთხივე მოიგო დინამოს U–8 გუნდმა, ჩატარებული სამი მატჩიდან სამი მოგება აქვს დინამოელთა U–9 გუნდს. ჩვენი აკადემიის U–10 გუნდმა კი სამი ჩატარებულ თამაშიდან ორი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.
გიორგი მინაშვილი (დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის დირექტორი) – ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალზე დინამოელთა გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. ტურნირი მესამე დღეა მიმდინარეობს, ჩვენი ბიჭები კი წაუგებლად აგრძელებენ ასპარეზობას. მსგავსი სახის ტურნირები მოზარდ ფეხბურთელებს ჩამოყალიბებაში ეხმარება– აქ მიღებული გამოცდილება მათ სამომავლოდ დიდად წაადგებათ. კარგი იქნება, თუ კი ჩვენი აკადემიის ასაკობრივი გუნდები მსგავსი ტიპის ტურნირებში ხშირად მიიღებენ მონაწილეობას. უცხო ქვეყნის გუნდებთან თამაშისას მოზარდი ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას იღებენ.
ფესტივალის ფინალური თამაშები 2 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიალი კი 17:30 საათიდან დაიწყება.