10/20/2011
ბაია VS დინამო – მატჩის წინ (EN)

ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის ცხელი წერტილი უდაოდ ზუგდიდი იქნება. ჩემპიონატის რიხიანად დამწყები ბაია, 22 ოქტომბერს, გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე, დინამო თბილისს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი მიმდინარე სეზონში ზუგდიდს მეორედ ესტუმრება. 17 სექტემბერს დინამომ პირობით მასპინძელს, ფოთის კოლხეთს სძლია ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე. გასულ თვეში დინამომ ზუგდიდური ვოიაჟი დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა... წინ ბაიასთან შეხვედრა გველის.

ჩვენი მომავალი მეტოქე ცხრა ჩატარებული ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში მეოთხე საფეხურზე იმყოფება 16 ქულით. ზუგდიდელი ფეხბურთელები კი გორის დილასთან ერთად მესამე ადგილს იყოფენ გატანილი გოლების რაოდენობით. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მოწინააღმდეგეთა კარში 13–ჯერ მოახერხა გოლის გატანა. მეგრელები შეტევაში კარგი თამაშით გამოირჩევიან და შემთხვევითი სულაც არ გახლავთ, რომ ბომბარდირთა დავაში ორი ბაიას ფეხბურთელი – ლუკა გუგუჩია და ირაკლი ქობალია იმყოფება სამ–სამი გატანილი გოლით.

XXIII ეროვნული ჩემპიონატი ბაიამ გათამაშების აუტსაიდერთან, ბოლნისის სიონთან გამარჯვებით დაიწყო. ელგუჯა ქომეთიანის შეგირდება ბოლნისელებს 3:0 სძლიეს და ჩემპიონატში პირველი სამი ქულის მოპოვებაც მოახერხეს.

ზუსტად ერთ კვირაში ბაიამ რეალობას გაუსწორა თვალი. ევროპის ლიგაზე მოთამაშე მეტალურგმა, ზუგდიდელებს არც აცია, არც აცხელა და აგვისტოს ხვატში ცივი შხაპი მიართვა – 2:0 რუსთაველთა სასარგებლოდ.

რუსთავში განცდილი მარცხი ბაიაზე გარკვეულ ზეგავლენას რომ მოახდენდა ფაქტი იყო, თუმცა ფოლადზე განცდილი მარცხის გამოძახილი სად და როდის იჩენდა თავს არავინ იწყოდა. ზუგდიდელებს ფსიქოლოგიური პრობლემა შემოაწვათ და... სწორედ იქ, სადაც ბაიასგან ყველაზე ნეკლებად ელოდნენ მარცხს... გუნდს ფეხი დაუცდა. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების საწყისი ეტაპის პირველი შეხვედრა ბაიამ საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით წააგო. მეგრელები ხარაგაულის ჩხერიმელასთან 0:1 დამარცხდნენ... პირველი ლიგის ბინადართან შინ ჩატარებული უსახური მატჩი მაინც და მაინც კარგი მომავლის იმედს არ ტოვებდა...  53–ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაშვებულმა გოლმა და 66–ე წუთზე ქობალიას მიერ გამოუყენებელმა თერთმეტმეტრიანმა თასის გათამაშების 1/8 ფინალთან კიდევ უფრო დააშორა ბაია... საპასუხო მატჩამდე კი წინ მეგრული დერბი და მეტად პრინციპული შეხვედრები ელოდათ ქომეთიანის შეგირდებს.

თასზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, მესამე ტურში გულია თუთბერიძეზე ბაიამ მეგრული დერბი გამართა. ზუგდიდელები ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდნენ. დერბი მართლაც, რომ დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. მესამე წუთზე მასპინძლები ვაჟა ლომაშვილის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ, შეხვედრის 65–ე წუთზე კი პენალტიდან გაშვებულ ბურთს გადაურჩნენ. 86–ე წუთზე კი ავთო ენდელაძემ ფაქტობრივად გამარჯვების მაუწყებელი გოლის გატა შესძლო... ამ გამარჯვებით ბაიამ კვლავ ცხრილის ზედა ნაწილში აინაცვლა...

მეოთხე ტურის შეხვედრა ბაიასთვის კვლავ წარმატებული გამოდგა. ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე მისული ათასამდე მაყურებელი, საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვების მომსწრე გახდა. ბაიამ საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი, უმაღლესი ლიგის დებიუტანტი გაგრა 3:0 გაანადგურა და ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება.

საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოთამაშე ბაიამ, მეხუთე ტურის შეხვედრაში ყოველგვარი კითხვისნიშანი გააქრო... ზუგდიდელებმა გასვლით შეხვედრაში, ცხინვალის სპარტაკს ათ კაციანი შემადგენლობით ლუკა გუგუჩიას დუბლის წყალობით 2:1 სძლიეს.

ამასობაში კი თასის საპასუხო შეხვედრაც მოახლოვდა... ხარაგაულში ჩასული ბაიას თითოეული ფეხბურთელი სრული რევანშისთვის იყო განწყობილი და თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ მათ ეს გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ... არავინ იცის შეძლებდა თუ არა ბაია ამ ბარიერის გადალახვას, შეხვედრის მეათე წუთზე ჩხერიმელას ფეხბურთელს, ირაკლი გვეტაძეს ზუსტად რომ გამოეყენებინა მალხაზ ბეუქლიშვილის მიერ დანიშნული პენალტი. ვერ გაიტანეს ხარაგაულელებმა და... ზუსტად ოთხ წუთსი საკუთარი კარის ბადიდან გამოიტანეს ბურთი. ანგარიში ზუგდიდელმა გიორგი პაჭკორიამ გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში კი საკუთარი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა ირაკლი ქობალიამ... 2:0 ბაიას სასარგებლოდ. პირველი ტაიმის შედეგი ბაიას აძლევდა ხელს... მეორე ნახევრის განახლებიდან 18 წუთი ყო გასული, როდესაც ბეუქლიშვილმა შეხვედრაში მეორედ მისცა მასპინძელ გუნდს პენალტის შესრულების საშუალება. ამჯერად ბურთთან შეცვლაზე შემოსული დაჩი კოსტავა მივიდა და პენალტი გოლად აქცია... ანგარიშში სხვაობა შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირებული ანგარიში ხელს სტუმარ გუნდს აძლევდა, ბაია შეტევებს განაგრძობდა. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი ირაკლი ქობალიამ დუბლის გაფორმება მოახერხა და 80–ე წუთზე საკუთარ გუნდს 1/8 ფინალში გამსვლელი საგზურიც მოუპოვა.

თასის საპასუხო შეხვედრა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბაიასთვის საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა... ზუგდიდელებს გადაღლა დაეტყოთ და უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში 1800 გულშემატკივირს წინაშე, გულია თუთბერიძეზე, ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდნენ. მატჩის ბედი შეხვედრის მეცამეტე წუთზე გადაწყდა, როდესაც გიორგი ვასაძემ მოახერხა ზუგდიდელთა კარის აღება. მეტად ხისტ და უხეშ შეხვედრაში, სადაც მსაჯს ექვსჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ჩვენება ბაია მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

მომდევნო ტურში ბაიას ქუთაისში მოუწია ადგილობრივი ტორპედოს წინააღმდეგ თამაში. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გუნდებმა ტაბლოზე ნულოვანი ფრე დააფიქსირეს და თითო–თითო ქულა მოიმატეს სატურნირო ცხრილში.

28 სექტემბერს ბაიამ შინ, კიდევ ერთხელ უმასპინძლა სიონს. ამჯერად ბოლნისელები თასის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრის გასამართად ჩავიდნენ სამეგრელოში, თუმცა უკან კვლავაც დამწუხრებულნი გაბრუნდნე... ბაიამ ჩემპიონატის პირველი ტურის მსგავსად სიონს კვლავ სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და ფაქტობრივად ¼ ფინალური ეტაპის საგზურს დაეპატრონა.

მეერვე ტურის შეხვედრა და კვლავ ხალხმრავლობა ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე. გულია თუთბერიძეზე 1300 გულშემატკივარი მოვიდა ზესტაფონის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის სანახავად. მატჩი მასპინძელთა მოლოდინისამებრს დაიწყო და ანგარიში ზუგდიდელმა ირაკლი ქობალიამ გახსნა – 1:0 ბაია მოქმედ ჩემპიონს ამარცხებს და ამარცხებდა შეხვედრის 81–ე წუთამდე. მანამ, სანამ ყველაფერი ზუგდიდელთათვის საპირისპიროდ არ შემოტრიალდა... ჯერ იყო და ბაიამ 81–ე წუთზე გაუშვა გოლი, შემდეგ კი ფრეს შეგუებულმა ზუგდიდელებმა შეხვედრის ძირითად დროზე დამატებულ მეორე წუთზე გაუშვეს გოლი... 1:2 ბაია ზესტაფონთან დამარცხდა.

ჩვენთან შეხვედრამდე ბაიამ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. ზუგდიდელებმა სტუმრად დაამარცხეს გორის დილა, რომელმაც მეგრელ ფეხბურთელებს გორის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ბასაზე უმასპინძლა. ბაიამ შოთა ლომიას და ლევან წურწუმიას გოლების წყალობით დილას მშრალი ანგარიშით 2:0 სძლია.

დინამოსთან გასამარი შეხვედრის წინ ზუგდიდელებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ. გუნდის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ჩვენი გუნდი კი ზუგდიდს დანაკლისით ეწვევა... დინამოს დისკვალიფიკაციის გამო ნიკა კვეკვესკირი დააკლდება, რომელიც 2010/2011 წლების სეზონდამდე სწორედ ზუგდიდური კლუბის ღირსებას იცავდა.

ზუგდიდის ბაიას სავარაუდო შემადგენლობა:

სომხიშვილი – რიგვავა, მგელაძე, სიხარულია, აკობია – აფაქიძე, ეხვაია, გუგუჩია, შონია, წურწუმია – ქობალია

აქამდე დინამო ზუგდიდურ კლუბებს 30–ჯერ შეხვედრია. ამ თამაშებიდან დინამომ 22–ჯერ გაიმარჯვა, ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად დინამოს სასარგებლოდ არის – 76:20. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ ზუგდიდის ოთხ გუნდს აქვს ნათამაშები – ოდიში, დინამო, მგლები და ბაია.

რაც შეეხება დინამოსა და ბაიას დაპირისპირებას, ეს გუნდები სულ რვაჯერ შეხვედნენ ერთმანეთს და თბილისელთა უპირატესობა ამ შემთხვევაში თვალსაცინო გახლავთ. ხუთი მოგება და სამი ფრე, ხოლო ბურთების შეფარდება 15:3. დიდი ანგარიშით დინამომ ორჯერ იმარჯვა. თბილისში 2010 წლის 9 მაისს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურში ანგარიშით 3:0 და ზუგდიდში ოცდამეერთე ჩემპიონატის მეექვსე ტურში, 2009 წლის 19 სექტემბერს, ანგარიშით 6:0. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ არ ჩავთვლით ამ ორ შეხვედრას, ყველა მატჩი უკომპრომისო და დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

გასული სეზონი. ურთიერთშეხვედრები

29.08.2010

ბაია 0-0 დინამო

 

05.11.2010

დინამო 0-0 ბაია

 

19.04.2011

დინამო 2-1 ბაია

გოლები: 0-1 ეხვაია 48' 1-1 კოშკაძე 68' 2-1 ხმალაძე (პენ.) 90'

 

23.04.2011

ბაია 1-2 დინამო

გოლები: 0-1 კვარაცხელია 49' 1-1 სიხარულია 60' 1-2 კვარაცხელია 78'

 

გასული სეზონში. ბაია საკუთარ მოედანზე – 18 თამაში, 6 მოგება, 8 ფრე, 4 წაგება.

გასული სეზონში. დინამო სტუმრად – 18 თამაში, 5 მოგება, 8 ფრე, 5 წაგება.

 

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ბაია – დინამოს დაპირისპირება თბილისის დროით 15:00–ზე აიღებს სტარტს და ტრადიციულად შეხვედრის ტექსტური LIVE-სთვის თვალ–ყურის დევნება ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020