• Geo
  • Eng
24.05.2012
ირაკლი ძარია: დინამო ქომაგებს აუცილებლად გაახარებს

ირაკლი ძარია თბილისის დინამოს მშვენივრად შეეწყო და აშკარაა, რომ დინამოელთა ქომაგებს ამ ფეხბურთელის დიდი იმედი აქვთ. კარგ ფეხბურთელთან ერთად ირაკლი ასევე კარგი რესპოდენტი აღმოჩნდა.

ჩვენი საუბარი განვლილი სეზონის შეფასებით დავიწყოთ. საყოველთაო შეფასებით დინამოსთვის ახლახანს დასრულებული ჩემპიონატი კრახით დასრულდა.

– ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ეს სეზონი წარუმატებელი იყო. როდესაც ისეთი გუნდი, როგორიც თბილისის დინამოა, ევროტურნირის საგზურს ვერ მოიპოვებს, უბრალოდ სირცხვილია. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელები პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და კარგად ვიცით, რომ მომხდარში ჩვენი წვლილიც არის. თუმცა ყველაფრის ფეხბურთელებზე გადაბრალებაც არ იქნება სწორი. პირადად მე ჩემს თავში ჩავიხედავ და გავაანალიზებ, თუ რა მოხდა.

სეზონის განმავლობაში დინამოს სამჯერ შეეცვალა მწვრთნელი. ალბათ ამანაც თავისი უარყოფითი გავლენა იქონია.

– რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც გუნდში ხშირად იცვლება მწვრთნელი, რადგან თითოეულ სპეციალისტს თავისებური მიდგომა აქვს, თავისებური ტაქტიკა აქვს და ყოველივე ამასთან შეგუებაა საჭირო.

ალბათ დამეთანხმებით, რომ დინამო სერიოზულ გაძლიერებას საჭიროებს.

– გაძლიერება ნებისმიერ გუნდს ესაჭიროება და დინამო გამონაკლისი ნამდვილად არ არის. დაინიშნება ახალი მწვრთნელი და თავად გადაწყვეტს, რომელი რგოლის გაძლიერება და რომელი ფეხბურთელების მოყვანაა საჭირო. მე კი იმედს ვიტოვებ, რომ ეს ცვლილებები დინამოს სასიკეთოდ წაადგება.

დინამოს ერთ–ერთ ნათელი წერტილი შენ იყავი. გუნდის მიერ ჩაგდებული სეზონის მიუხედავად ნამდვილად შეიძლება იმის თქვა, რომ შენ დინამოს კარგად შეეწყვე.

– მაშინ, როდესაც გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, საკუთარი თავით კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები. ერთი რამის თქმა თამამად შემიძლია: რომელ გუნდშიც უნდა ვიყო, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი გუნდის საკეთილდღეოდ.

ცალკე მინდა გკითხო ჩისკოს შესახებ. მისი დონის ფეხბურთელს საქართველოში ბევრს ნამდვილად არ უთამაშია.

– ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით ვთამაშობ. რა დონის ფეხბურთელია, ყველა კარგად ხედავს, ამასთანავე, ძალიან მაგარი კაცია. ყველანაირად გვერდში გვიდგას და დინამოსთვის და თანაგუნდელებისათვის, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს.

დინამოში გადმოსვლის შემდეგ ეროვნული ნაკრების კანდიდატიც გახდი.

– ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის. რომ ნაკრების ხელმძღვანელობის ყურადღება დავიმსახურო. სექტემბერში ახალი შესარჩევი ეტაპი იწყება და დარწმუნებული ვარ, თემურ ქეცბაიას თავკაცობით ჩვენი ნაკრები იმ შედეგს აჩვენებს, ქართველ გულშემატკივარს რომ გაუხარდება.

დაბოლოს, რამეს ხომ არ დაამატებდი?

– ჩაგდებული სეზონის გულისთვის დინამოს გულშემატკივარს ბოდიში მინდა მოვუხადო და დავპირდე, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება და დინამო თავის ქომაგს კიდევ ერთხელ გაახარებს.

 

ავტორი: პაატა ძნელაძე

გაზეთი ოლიმპი. 24 მაისი 2012 წელი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024