• Geo
  • Eng
13.04.2012
ბაია vs დინამო – მატჩამდე

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ზუგდიდში, ადგილობრივი ბაიას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ბაიას ბაზაზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

სეზონის სტარტზე ზუგდიდის ბაიას უმთავრესი ამოცანა, უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა იყო, რაც ავტომატურად უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოასწავებდა. ბაიას ფეხბურთელებმა თავდადებული თამაშისა და მებრძოლი ხასიათის წყალობით მიზანს მიაღწიეს და ელიტარულ რვიანში დამკვიდრდნენ. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდი შედარებით გადახალისებული შემადგენლობით იბრძვის. ზუგდიდელთა მთავარ ამოცანას ამჟამად მომავალი სეზონისთვის მებრძოლი და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაა.

მწვრთნელი და გუნდი:

გოჩა ტყებუჩავას გუნდი დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმისთვის იბრძოლებს. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადახალისებული გუნდი, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელითაც გაძლიერდა, თუმცა ბაიას შეთამაშება აშკარად აკლია. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა, რაც გამოცდილების არ ქონითაც არის განპირობებული. ზუგდიდელთა ნახევარდაცვის ხაზი ყველაზე ახალგაზრდულად გამოიყურება უმაღლესი ლიგის რვა გუნდს შორის. ბაიას ნახევარდაცვის საშუალო ასაკი 19 წელს არ აღემატება.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ბაიას შეტევის ხაზის უსუსურ ასპარეზობას. საგულისხმოა, რომ ექვსი ფორვარდიდან ( აქედან ერთი, ირაკლი ქობალია ტრავმირებულია და მის ანგარიშზე 3 გატანილი ბურთი არის ) ხუთს, მეტოქის კარში გოლი არცერთხელ არ გაუტანია. ბაიას ძლიერ მხარეს მეკარესთან შეთანხმებულად მობურთალი დაცვის ხაზი წარმოადგენს. ის, რომ ზუგდიდელებმა მიმდინარე სეზონში  კარის მშრალად შენახვა ცხრაჯერ მოახერხეს, უპირველესად გიორგი სომხიშვილისა და მცველთა კვარტეტის (აკობია, მგელაძე, პაჭკორია, სიხარულია) დამსახურებაა.

ისტორია და დღევანდელობა:

2006 წელს დაარსებული ზუგდიდის ბაია უმაღლეს ლიგაში 2009/2010 წლის სეზონიდან ასპარეზობს. ჩვენი მომავალი მეტოქისთვის ისტორიის განმავლობაში საუკეთესო გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგი გახლავთ, როდესაც გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა, ამავე წელს გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე მეოთხედფინალს უწია. მიმდინარე სეზონში კი ბაიამ კვლავაც მოკრძალებული მიზნები დაისახა. რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა და თასზე წარმატებული ასპარეზობა. ბაია დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებას გორის დილასთან ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამოეთიშა – 2:2, 2:5 დილას სასარგებლოდ. უმაღლეს ლიგაში კი საწადელს მიაღწიეს და რვა საუკეთესოში მოხვედრის შემდეგ, შინ დაუმარცხებლად ასპარეზობენ.

მეტოქე და ჩვენ:

აქამდე დინამო თბილისი ზუგდიდურ კლუბებს ოცდათორმეტჯერ შეხვედრია. ამ თამაშებიდან თბილისელებმა ოცდასამჯერ იმარჯვეს, ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად დინამოს სასარგებლოდ – 82 : 23 არის. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ.

რაც შეეხება დინამოსა და ბაიას დაპირისპირებას, ეს გუნდები სულ ათჯერ შეხვედნენ ერთმანეთს და მტკვრისპირელთა უპირატესობა აქაც თვალშისაცემა. ექვსი მოგება, სამი ფრე და ერთი მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება 21 : 6. ეს ერთადერთი მარცხი თბილისელებმა შარშან, პირველი წრის შეხვედრაში განიცადეს. 22 ოქტომბერს, მეათე ტურის შეხვედრაში გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე ბაიამ ანგარიშით 2 : 1 გაიმარჯვა.

ბაიას სავარაუდო შემადგენლობა:

სომხიშვილი – სიხარულია, პაჭკორია, ტყებუჩავა, აკობია – ტყემალაძე, კუტალია, აფაქიძე – კუკავა, გაბედავა, ენდელაძე

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ დინამოსა და ბაიას დაპირისპირება ზუგდიდში ბაიას ბაზაზე გაიმართება. აღნიშნული მატჩი 14 აპრილს 16:00 საათზე დაიწყება შეხვედრის ტექსტურ LIVE–სტრადიციულად ჩვენი ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იხილავთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024