• Geo
  • Eng
05.04.2012
დინამო vs მეტალურგი – მატჩამდე

ექვს აპრილს, ექვს საათზე, უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე – რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. საგულისხმოა, რომ დინამოელებმა 2012 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, რუსთავის მეტალურგს მათსავე მოედანზე 2:0 სძლიეს და წაუგებელ სერიასაც ჩაუყარეს საფუძველი. დინამოსა და მეტალურგის დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

რუსთავის მეტალურგი მიმდინარე სეზონში ტრადიციულად მოწინავე ადგილებისთვის იბრძოლებს. უმაღლეს ლიგაში და თასის გათამაშებაზე რუსთაველთა მთავარი მიზანი ევროთასებზე გამსვლელი საგზურის მოპოვებაა. ორ ფრონტზე მოასპარეზე კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ეროვნული ჩემპიონატის მოწინავე სამეულში მყარად არის დამკვიდრებული და ამავდროულად ჩემპიონობის შანსსაც ინარჩუნებენ.

მწვრთნელი და გუნდი:

კობა ჟორჟიკაშვილი თურქეთიდან დაბრუნებულ მეტალურგ ფეხბურთელებს აქებდა და საკუთარი გუნდის შესაძლებლობებზე დარწმუნებით საუბრობდა, ფაქტია არც შემცდარა – მეტალურგმა ჩემპიონატის მეორე ნახევარი რიხიანად დაიწყო და ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო, დანარჩენ ოთხში კი ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი. დინამოსთან შეხვედრამდე ჟორჟიკაშვილის შეგირდები შესანიშნავ განწყობაზე არიან – მეტალურგებმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხეს და მომდევნო ორი ურთულესი მატჩისთვის ( ჩემპიონატში დინამოსთან, თასზე ზესტაფონთან ) საბრძოლო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლეს.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

რუსთავის მეტალურგის მთავარ პლიუსს შედეგიანი თავდასხმის ხაზი წარმოადგენს. მეტალურგის თავდამსხმელთა ტრიოს (მოდებაძე – ტატანაშვილი – სიხარულიძე ) მეტოქეთა კარში 21 გატანილი გოლი დაუგროვდათ. გუნდის საუკეთესო გოლეადორის, დიმიტრი ტატანაშვილის აქტივში 10 გატანილი ბურთია. რუსთაველთა სუსტ მხარეს კი არასტაბილური დაცვის ხაზი წარმოადგენს. რუსთაველებმა 27 შეხვედრაში 29 ბურთი გაუშვეს, აქედან 21 ბურთი სტუმრად თამაშისას.

ისტორია და დღევანდელობა:

რუსთავში 1948 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბი 1990 წლამდე მეტალურგის სახელით გამოდიოდა. 1990 წლიდან გორდა, 2006 წლიდან ოლიმპი, 2011 წლიდან კი კვლავ მეტალურგი ეწოდა. წითელ–თეთრები საშინაო შეხვედრას რუსთავში ფოლადის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მინდორზე ატარებენ, რომელიც 10 000 გულშემატკივარს იტევს. გუნდმა არსებობის ისტორიაში ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონის ტიტული. რუსთაველებმა 2007 და 2010 წელს ოქროს სინჯის მედლები მოიპოვეს. 2007–2008 წლების სეზონში რუსთავის მეტალურგმა ევროთასებზე სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა. რუსთაველებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური ასტანას ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხეს და ორი შეხვედრის ჯამში 0:3 დამარცხდნენ. რუსთაველთა უკანასკნელი ევროსეზონი კი ნამდვილად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მეტალურგმა ისტორიაში პირველად მოახერხა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა, სადაც ფრანგულ რენთან ორ რაუნდიან უთანასწორო ბრძოლაში 2–7 დამარცხდა. დღეს გუნდი საქართველოს ჩემპიონის და საქართველოს თასის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის.

მეტოქე და ჩვენ:

დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგს 43–ჯერ დაუპირისპირდება. აქამდე გამართულ 42 შეხვედრაში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ. დედაქალაქელებმა ჩვენი მომავალი მეტოქე 27–ჯერ დაამარცხეს, 8–ჯერ ფრედ ითამაშეს, შვიდჯერ კი გამარჯვება მეტალურგს დარჩა. ბურთების შეფარდება ლოგიკურად დინამოელთა სასარგებლოდ 88–34 არის. აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა სამჯერ მოახერხეს მეტოქის დამარცხება ანგარიშით 4–0. მეოთხე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 1992 წლის 13 ნოემბრს, თბილისელებმა ამ ანგარიშით გასვლით შეხვედრაში იმარჯვეს. მეშვიდე ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში, რომელიც 1996 წლის 12 აპრილს დედაქალაქში გაიმართა და 2009 წლის 13 სექტემბერს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეხუთე ტურში. ეს თამაში კოკისპირული წვიმის თანხლებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. გასვლით შეხვედრაში დინამომ ყველაზე დიდი ანგარიშით 1996 წლის 29 აგვისტოს იმარჯვა. მერვე ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა ანგარიშით 6–2 დასრულდა. ყველაზე დიდი ანგარიშით კი დინამომ მეოთხე ჩემპიონატის ოცდამერვე ტურში მოიგო. 1993 წლის 3 ივნისს დინამომ მეტოქე 12-4 გააანადგურა. ბოლო შეხვედრაში, რომელიც დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა, მეტალურგმა საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში თბილისელები ანგარიშით 3–2 დაამარცხა.

მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა:

ბედიაშვილი – მახვილაძე, თოდუა, ჯაფარიძე, ოთარაშვილი – დობროვოლსკი, გეწაძე, მაისურაძე, რაზმაძე – ტატანაშვილი, მოდებაძე.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ დინამოსა და მეტალურგის დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის ტექსტური და ვიდეო LIVE-ს ხილვა ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024