• Geo
  • Eng
01.04.2012
დინამო VS კოლხეთი – მატჩამდე

დინამოელები რვა მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას და ფოთის კოლხეთის დამარცხებას გეგმავენ. ჩვენი გუნდი ხვალ, მშობლიურ დინამო არენაზე, უმაღლესი ლიგის მეექვსე ადგილოსან კოლხეთს საღამოს ექვს საათზე დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საგრძნობლად გაძლიერებულმა ფოთის კოლხეთმა შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი ყველასათვის მოულოდნელად დაიწყეს და ოთხ ჩატარებულ შეხვედრაში შვიდი ქულის მოპოვებაც მოახერხეს. სეზონის სტარტზე რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრისთვის მებრძოლმა ფოთელებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშიც გაინაღდეს. ახლა ფოთელთა მთავარი საფიქრალი მომდევნო სეზონისთვის კიდევ უფრო მეტად ამბიციური და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებაა.

მწვრთნელი და გუნდი:

ფოთის კოლხეთმა მიმდინარე სეზონში ერთობ რთული გზა განვლო, თუნდაც რად ღირს ის ფაქტი, რომ დავით მახარაძის გაწვრთნილ გუნდს ფაქტობრივად ყველა თამაშის ჩატარება სტუმრად უწევდათ. ფოთის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, კოლხები იძულებულნი იყვნენ ახლომდებარე ქალაქებში არსებულ მოედნებზე ეთამაშათ მასპინძლის სტატუსით. მას შემდეგ კი რაც კოლხეთი საკუთარ მოედანს დაუბრუნდა, გუნდი უჩვეულოდ ათამაშდა და ფაზისზე გამართულ ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, სამჯერ იმარჯვა, ორჯერ კი ფრედ ითამაშა.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

ფოთის კოლხეთი უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპისთვის განსაკუთრებით დაცვის ხაზში გაძლიერდა. ამავდროულად გუნდში ვეტერინარი კიპერი, არდალიონ მიქაბერიძე ჩაირიცხა. აწ–უკვე ვიტ ჯორჯიელი მეკარის დამატებით ფოთელთა დაცვითი პოტენციალი გაიზარდა, რაზეც უკანასკნელ სამ თამაშში ერთი გაშვებული ბურთი მიგვითითებს. ასევე საინტერესოდ გამოიყურება კოლხეთის შემტევი კოლექტივი. ფოთელთა თავდამსხმელთა საშუალო ასაკი 22 წელს ზემოთ არ ცდება, რითაც სხვა უმაღლესი ლიგის გუნდებისგან გამოირჩევიან. გუნდის საუკეთესო ფორვარდი, დავით ციცხვაია ოთხი გატანილი ბურთით იწონებს თავს. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვეში გამართული დინამო 1:1 კოლხეთის შეხვედრაში ანგარიში სწორედ ციცხვაიამ გახსნა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. შედარებით სუსტად გამოიყურება ფოთელთა ნახევარდაცვის ხაზი. კოლხეთის საუმაღლესლიგო განაცხადში რვა ნახევარმცველია, რომელთაგანაც ორი, ალექსანდრე ქორჩილავა და ამირან ცაბრია მოედანზე არც კი გამოსულა.

ისტორია და დღევანდელობა:

საფეხბურთო კლუბი კოლხეთი ფოთში 1913 წელს დაარსდა. ფაზისზე მოთამაშე ფოთელები 1978 წლამდე კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საკავშირო ჩემპიონატში მოთამაშე კოლხეთმა ყველაზე დიდი ანგარიშით 1979 წელს, ერევნის არაბკირს 8:1 სძლია. ყველაზე დიდი ანგარიშით კი 1974 წელს გორის დილასთან 0–7 დამარცხდნენ. საბჭოთა პირველობის შემდეგ, ეროვნულ ჩემპიონატზე გადმორთულმა ფოთის კოლხეთმა საუკეთესო შედეგი 1993–1994 წლების სეზონში აჩვენა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ხსენებულ სეზონში მეორე ადგილი დაკავა. ზედიზედ ჩვიდმეტი ნათამაშები სეზონის შემდეგ, ფოთის კოლხეთი უმაღლეს ლიგას ფინანსური პრობლემების გამო დაემშვიდობა და ასპარეზობა რეგიონალური ლიგის დასავლეთის მეორე ზონაში განაგრძო. ამ პერიოდში კოლხეთმა სარეკორდო ანგარიშით იმარჯვა. 2006-07 წლების სეზონში ფოთელებმა ზუგდიდის მგლების დუბლშემადგენლობას 13:0 სძლიეს. ფოთის კოლხეთმა 1996 წლიდან მოყოლებული ზედიზედ ოთხი ევროპული სეზონი ჩაატარა, თუმცა არც ინტერტოტოს თასის და არც უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპებზე წარმატებისთვის არ მიუღწევია.

მეტოქე და ჩვენ:

დინამოსა და კოლხეთის დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში ორმოცდაშვიდი მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა ოცდათორმეტ შემთხვევაში იმარჯვეს, ცხრა შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ექვსი მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 106/33 დინამოს სასარგებლოდ. ჩატარებული შეხვედრებიდან აღსანიშნავია ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული დინამოელთა გამარჯვება ანგარიშით 6–1. ხსენებული მატჩი 1998 წლის 30 ნოემბერს გაიმართა, მეათე ჩემპიონატის, მეთხუთმეტე ტურში. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5–1 დაამარცხეს თბილისელები. დინამოელებს მეტოქე ხუთჯერ ჰყავთ დამარცხებული ანგარიშით 4–0, აქედან სამჯერ თბილისში, ხოლო ორჯერ ფოთში. ანგარიშით 5–0 კი დინამოს სამი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და ორიც შინ. ბოლო მატჩი, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართა და კოლხებმა თბილისელებს ზუგდიდში უმასპინძლეს, დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დასრულდა.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელიც 11 დეკემბერს დინამო არენაზე გაიმართა, საყაიმო ანგარიშით 1–1 დასრულდა. იმ შეხვედრაში გოლები ციცხვაიამ და კოშკაძემ გაიტანეს.

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა:

მიქაბერიძე – ბოიომო, დათუნაიშვილი, ფოფხაძე, ცხვიტარია – გვალია, ქებაძე, გოგონაია, წურწუმია – ციცხვაია, პავლიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024