• Geo
  • Eng
20.02.2012
დინამო vs სიონი – ურთიერთშეხვედრები

22 თებერვალს, დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის გადადებულ შეხვედრაში, დინამო არენაზე ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. შეხვედრას გუნდები კარდინალურად განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით ხვდებიან. თბილისელები ოცდათექვსმეტი ქულით ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ბოლნისელები რვა ქულით გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზე არიან.

დინამო და ბოლნისის სიონი ეროვნულ ასპარეზზე სულ 46–ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და აშკარა უპირატესობას მტკვრისპირელები ფლობენ. თბილისელებმა 38–ჯერ დატოვეს მოედანი გამარჯვებულებმა, ითამაშეს ოთხი ფრე და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 110/20 დინამოს სასარგებლოდ. მიუხედავად ასეთი უპირატესობისა ბოლო წლებში ამ გუნდების შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. ნათამაშები ოთხი ფრიდან, სამი შეხვედრა უგოლოდ, ხოლო ერთი მატჩი ანგარიშით 1–1 დასრულდა. ბოლნისელთა გამარჯვებიდან აღსანიშნავია 2–0 მოგება თბილისში, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში 2009 წელს. თბილისელებმა 38 გამარჯვებიდან დიდი ანგარიშით თორმეტი შეხვედრა დაასრულეს. ამათგან მეშვიდე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში 1996 წელს, დინამომ ბოლნისელებს 8–0 მოუგო. 1998 წელს მეათე ჩემპიონატის მესამე ტურში თბილისელებმა ისევ რვა ბურთი გაიტანეს მეტოქის კარში, თუმცა ერთი ბურთი საპასუხოდაც მიიღეს. ყველაზე დიდი სხვაობა კი  2000 წელს, მეთორმეტე ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში დაფიქსირდა, როდესაც დინამომ სიონი ცხრა უპასუხო ბურთით დაამარცხა.

პირველი წრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც შარშან 2 ოქტომბერს ბოლნისში გაიმართა, თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და დინამოს სასარგებლოდ, ანგარიშით 3–0 დასრულდა.

22 თებერვალს დინამოს ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 2006 წელს, მეჩვიდმეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში თბილისელებმა თელავის კახეთს უმასპინძლეს და მეტოქე, ერთი უპასუხო გოლით დაამარცხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021