• Geo
  • Eng
28.12.2011
დინამოს აკადემიის აკადემიური ჩემპიონობა

საბურთალოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე ბენდელას თასის XXI გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის სახელობის მემორიალზე დინამო თბილისის აკადემიამ პირველობა არავის დაუთმო და ჩემპიონობაც იზეიმა. ფინალურ შეხვედრაში ვალერი გაგუას გუნდმა ჩემპიონს 2:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები დინამოს აკადემიის აღსაზრდელნი გახდნენ – გიორგი ხარშილაძემ და გიგა გულდედავამ საუკეთესო გოლეადორისთვის დაწესებული პრიზები მიიღეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი ჩვენი აკადემიის გუნდის კაპიტანი, გიგა გულდედავა დასახელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბენდელას თასის XXI გათამაშების საუკეთესო მწვრთნელს, ვალერი გაგუას, კლუბის ოფიციალური საიტისთვის  კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.  

ვალერი გაგუა – დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი ტურნირის ჩატარებისთვის. წელს გამართულ შეჯიბრებაზე ბევრი პერსპექტიული ბავშვი გამოჩნდა და მათთან მუშაობას უკვე სხვანაირად გავაგრძელებთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კოლექტივის მუხლჩაუხრელი შრომა ჩემპიონის ტიტულით დაფასდა. რაც შეეხება ჩვენს აკადემიას, გუნდი შესანიშნავად არის დაკომპლექტებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ სელექციას. დინამოს ასაკობრივ გუნდებში ესპანელი ანდრეს კარასკოს გამოჩენის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, დაინერგა ახალი სავარჯიშო და სათამაშო დისციპლინა, რომელსაც ჩვენმა აღსაზრდელებმა ადვილად აუღეს ალღო. ანდრეს კარასკო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა გამორჩეული, სანახაობრივი და შედეგზე გათვლილი ფეხბურთი ითამაშოს.

 

თეიმურაზ უგრეხელიძე (აკადემიის კოორდინატორი): ჩვენი გუნდი ყოველთვის დიდი სიამოვნებით იღებს მონაწილეობას ბენდელას თასის გათამაშებაში. მადლობა ორგანიზატორებს ამ ტურნირის ჩატარებისთვის. ჩვენთვის პატივი და ამავე დროს სასიხარულოა ასეთ ტურნირში გამარჯვება, ხოლო პატარა ფეხბურთელებისთვის სამომავლოდ დიდი სტიმული. 9 წელია, რაც დინამოს აკადემია არსებობს, მაგრამ ეხლა ბევრად საქმიანი და პროფესიონალური მიდგომა და სიტუაციაა. საერთოდ აკადემიაში პირობები უმჯობესდება და წინ დიდი პერსპექტივები გვაქვს.

 

ფოტოები Facebook-ზე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022