• Geo
  • Eng
06.12.2011
დავით ოდიკაძე – გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა

ფოთის კოლხეთთან მოახლოებული თამაშის წინ, ჩვენი გუნდის ერთ–ერთ ლიდერს, დავით ოდიკაძეს, გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

დავით ოდიკაძე – გორის დილამ თასის გათამაშებიდან გამოგვაგდო და ყველანი მოწადინებულნი ვიყავით რევანში აგვეღო. პირველი ტიამი უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე მეორე. პირველ ტაიმში სწრაფი გოლის გატანა გვქონდა დავალებული და შევძელით კიდეც. მეორე ტაიმში კი ტემპის დაგდებაზე გავაკეთეთ აქცენტი და შეხვედრა სასურველ შედეგამდე მივიყვანეთ. მთავარია, გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა და ეს შედეგზეც აისახა. კარგად მივდივართ, ყველაფერი ჩვენი სურვილისამებრ ხდება და იმედია ასეც გავაგრძელებთ.  ბოლო პერიოდში მთელი გუნდი პროგრესირებს, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი ჯაბა ჯიღაურს. ჩემი აზრით, იგი არამარტო დინამოს, არამედ მთელი ქართული ფეხბურთის მომავალი გახლავთ. ტრავმირებული ლევან კაკუბავა ყველას ძალიან გვაკლია, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. ლევანს მალე გამოჯანმრთელებას და მოედანზე დროულად დაბრუნებას ვუსურვებთ. სასიხარულოა, რომ მცირედი ტრავმის შემდეგ გუნდს კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძე უბრუნდება.  სასიამოვნოა, რომ დინამო გათამაშების ცხრილში ჩვეულ, პირველ პოზიციაზე დაბრუნდა. წინ მთელი ჩემპიონატი არის და ღმერთის წყალობით სეზონის ბოლომდე ლიდერობის შენარჩუნებას შევეცდებით. რაც შეეხება, მომავალ შეხვედრას, კოლხეთს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. მათთან მოგება იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. პროცენტულად მოგების დიდი შანსი ბუნებრივია ჩვენს მხარეს არის, თუმცა მოწინააღმდეგის დაუფასებლობაც არ შეიძლება. კოლხეთი ის გუნდია, სადაც მითამაშია და მათ ვგულშემატკივრობ კიდეც, ოღონდ არა ჩვენთან შეხვედრაში. კვირას, დინამო არენაზე გასამართ შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს და ჩვენს აქტივს მორიგი 3 ქულა შევმატოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024