• Geo
  • Eng
01.10.2014
დინამოს ისტორიიდან

1961 წლის 1 ოქტომბერს დინამო თბილისი სსრკ- ს პირველობის მეორე ეტაპის მეექვსე ტურში ერევნის სპარტაკს მასპინძლობდა. შეხვედრას ბურევესტნიკის (დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი) სტადიონზე 35 000 მაყურებელი ესწრებოდა. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მატჩის მსაჯმა ნიკოლაი ლატიშევმა თბილისელებს 2 გოლი არ ჩაუთვალა, რამაც მაყურებლების გაღიზიანება გამოიწვია. არბიტრის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო გულშემატკივარმა მინდორზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო და ლატიშევმაც მატჩი შეწყვიტა. იმ დროისთვის ერევნელები 3:1 იგებდნენ. საბოლოოდ დინამოს წაგება ჩაუთვალეს. აღნიშნულ სეზონში დინამოელებმა მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

მოვლენებს იხსენებს დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ (სიომა) ბარქაია- შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. არბიტრმა- ნიკოლაი ლატიშევმა, რომელიც იმხანად ერთ-ერთ გამოცდილ მსაჯად ითვლებოდა, ჩვენს გუნდს ორი გატანილი ბურთი არ ჩაუთვალა. ტრიბუნებზე ნელ- ნელა დაიძაბა სიტუაცია. უკმაყოფილო გულშემატკივარის პროტესტი თანდათან გაძლიერდა და მსაჯიც საბოლოოდ გასახდელში მიიმალა. ინციდენტის შემდეგ კი არბიტრი პირდაპირ ვნუკოვოს აეროპორტამდე ჩააცილეს. სადისციპლინო კომისიამ იმ შეხვედრაში წაგება ჩაგვითვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024