• Geo
  • Eng
20.09.2014
დინამო vs კოლხეთი - მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი სახლში, დინამო არენაზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აწარმოებს. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი- კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს გუნდი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი-1913-ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. წინა სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

 

 

მწვრთნელი და კოლხეთი

2013 წლის ივლისიდან ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად ზაზა ინაშვილი მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასრულებულ სეზონში პირველი ლიგის A ზონაში მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ხუთი ტურის შემდეგ ფოთელები 4 ქულით მე- 15 ადგილზე იმყოფებიან.

 

 

დინამომდე

მიმდინარე სეზონი ფოთის კოლხეთმა ტორპედოსთან 0:3 მარცხით გახსნა. მეორე ტურში კოლხეთი ბათუმის დინამოსთან დამარცხდა 0:1. საქართველოს თასზე კოლხეთმა წალენჯიხის სქურს აჯობა 1:0. ზუგდიდთან მატჩი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ყაიმით 1:1 დაასრულა, რასაც ჩიხურასთან გამარჯვება მოჰყვა ანგარიშით 1:0. ბოლო შეხვედრაში გურიამ დაამარცხა ფოთელები 3:2.

 

 

დინამო vs კოლხეთი – ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 51 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 34 შემთხვევაში იმარჯვეს, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 115/36 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება, ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც 2012 წლის 18 ნოემბერს ფოთში, ფაზისის სტადიონზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. იმ შეხვედრაში გოლები მიკელ ალვარომ და ჩისკო მუნიოსმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო კოლხეთს ომარ გოგონაია დააკლდება.

 

 

დინამო vs კოლხეთი -  მსაჯი

ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის ხვალინდელ  შეხვედრას დინამო თბილისსა და ფოთის კოლხეთს შორის, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას- . მენთეშაშვილი და . ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, 11 სექტემბერს პირველ ლიგაში გამართული ადელი 2:3 ჭიათურა გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას 4 ფეხბურთელი გააფრთხილა, ხოლო 2 გააძევა მინდვრიდან.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად გასული წლის 17 სექტემბერს იმსაჯა. დინამოელებმა დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლეს და მეტოქეს 2:0 სძლიეს. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

 

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ფოთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ძაგანია - ჩადუნელი, კილასონია, თ. კაკულია, თევზაძე - ლემონჯავა, გუგუჩია, დ. სიჭინავა, ამბროლაძე, ნევუჩე - ჯიქია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024