• Geo
  • Eng
20.10.2011
22 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი 22 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურში ზუგდიდში, ადგილობრივ ბაიას ესტუმრება. 22 ოქტომბერს ეროვნულ ჩემპიონატში დინამოს სამჯერ უასპარეზია. თბილისელთა აქტივში ორი გამარჯვება და ერთი ფრეა. ბურთების შეფარდება კი 5–1 დინამოს სასარგებლოდ. მეოთხე ჩემპიონატის მეცხრე ტურში 1992 წელს, დინამომ გორის დილას უმასპინძლა და ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა. 2005 წელს მეჩვიდმეტე ჩემპიონატის მეათე ტურში ქუთაისში ტორპედოს ასევე ორი უპასუხო ბურთით ვძლიეთ, ხოლო 1995 წელს მეშვიდე ჩემპიონატის მეცხრე სათამაშო დღეს ხაშურში ივერიასთან ითამაშეს  ფრედ. შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
სსრკ–ს ჩემპიონატში დინამო თბილისმა 22 ოქტომბერს შვიდჯერ ითამაშა. ერთი მატჩი ფრედ დამთავრდა. სამ–სამი შეხვედრა, კი დინამომ მოგება–წაგებით დაასრულა. ბურთების შეფარდება 6–5 თბილისელთა სასარგებლოდ. ერთადერთი ფრე დინამომ 1961 წელს მოსკოვის სპარტაკთან ითამაშა, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. გუნდი 1960 წელს მინსკში, ბელორუსთან დამარცხდა 0–1.  1962 წელს მოსკოვში ცსკა–სთან შეხვედრა დასრულდა დინამოელთა მარცხით, ანგარიშით 1–2 და თბილისში 1988 წელს ჩატარებულ მატჩში ლენინგრადის ზენიტმა ანგარიშით 1–0 დაამარცხა მტკვრისპირელები. დინამო თბილისმა 22 ოქტომბერს მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის გუნდებთან იმარჯვა. შესაბამისად 1964 წელს ტორპედო დაამარცხა ანგარიშით 3–1, 1968 წელს ზენიტთან ერთი უპასუხო ბურთით იმარჯვა, ხოლო  1971 წელს ასევე ერთი უპასუხო ბურთით უკრაინელ სეხნიებს მოუგო.
ევროარენაზე დინამომ ორი შეხვედრა ჩაატარა ამ რიცხვში. ევროპის თასების მფლობელთა თასის მერვედფინალში, ირლანდიაში უოტერფორდთან მინიმალური ანგარიშით 1–0 მოიგეს. გამარჯვების გოლი რამაზ შენგელიამ შეაგდო. ეს მოხდა 1980 წელს, სწორედ იმ სეზონში, როდესაც დინამომ ევროასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა. 1987 წელს უეფას თასის მეთექვსმეტედფინალში, დინამო ბუქარესტში ადგილობრივ ვიქტორიას დაუპირისპირდა. სოსო ჭედიას და რამაზ შენგელიას გოლებით, თბილისელებმა შეხვედრაში ანგარიშით 2–1 იმარჯვეს.


FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024