• Geo
  • Eng
19.10.2011
ბაია vs დინამო – დაპირისპირებათა ისტორიიდან

საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურში, ზუგდიდში ადგილობრივი ბაია, დინამო თბილისს უმასპინძლებს. შეხვედრა გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. აქამდე დინამო ზუგდიდურ კლუბებს 30–ჯერ შეხვდა. ამ თამაშებიდან დინამომ 22– ჯერ გაიმარჯვა, ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად 76:20 დინამოს სასარგებლოდ. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ.

რაც შეეხება დინამოსა და ბაიას დაპირისპირებას, ეს გუნდები სულ რვაჯერ შეხვედნენ ერთმანეთს და თბილისელთა უპირატესობა აქაც უპირობოა. ხუთი მოგება და სამი ფრე, ხოლო ბურთების შეფარდება 15:3. დიდი ანგარიშით დინამომ ორჯერ იმარჯვა. თბილისში 2010 წლის 9 მაისს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურში ანგარიშით 3–0 და ზუგდიდში ოცდამეერთე ჩემპიონატის მეექვსე ტურში, 2009 წლის 19 სექტემბერს, ანგარიშით 6–0.  აქვე აღსანიშნავია, რომ თუ არ ჩავთვლით ამ ორ შეხვედრას, ყველა მატჩი უკომპრომისო და დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024