• Geo
  • Eng
15.08.2014
დინამო VS სიონი – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. 17 აგვისტოს მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 53 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 43 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 131/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 43 გამარჯვებიდან მეტოქე 16 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 11 მაისს შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. გოლები შეხვედრაში გიორგი მერებაშვილმა, ოთარ მარცვალაძემ და ჩისკომ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024