• Geo
  • Eng
06.06.2014
დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი და ახალი დირექტორი ჰყავს

დინამო არენის მედია დარბაზში კლუბის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი- მიხალ ბილეკი და კლუბის ახალი დირექტორი- ლევან ზუხბაია წარადგინა, რომელიც 10 წლის მანძილზე  კლუბში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. დირექტორად დანიშვნამდე  იგი კლუბის იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

პრესკონფერენციას სპორტული მენეჯერი- ირაკლი ვაშაკიძე და მიხალ ბილეკის ჩეხი ასისტენტები, 44 წლის- იარომირ ჟინდრაჩეკი  და 36 წლის- მარსელ ლიჩკა ესწრებოდნენ.  

 

რომან ფიფია: მიხალ ბილეკი საკმაოდ ცნობილი ადამიანია საფეხბურთო სამყაროში. სხვა თუ არაფერი, ბოლო 4 წელი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო.   რამდენიმე მწვრთნელთან გვქონდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ, ბილეკზე შევჩერდით. დრო გვანახებს, სწორად მოვიქეცით თუ არა. ვფიქრობთ, ჩვენი გადაწყვეტილება გაამართლებს და უახლოეს პერიოდში დავინახავთ დინამოს წინსვლას. ჩვენი გუნდის კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ლევან ზუხბაია დინამოს დირექტორი გახდა. მას ყველა კარგად იცნობს, რადგან უკვე დიდი ხანია დინამოში მუშაობს.

მიხალ ბილეკი: მოხრული ვარ რომ დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი გავხდი. ძნელი იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას მივაღწიოთ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ. მართალია დრო ცოტაა, მაგრამ გუნდს კარგი საფუძველი აქვს ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად.

ლევან ზუხბაია: დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რომანს ნდობისთვის. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს წინამორბედს გაწეული სამუშაოსთვის. ვეცდებით კლუბი განვითარების ახალ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. დინამო მიმზიდველი უნდა იყოს კლუბის გულშემატკივრებისთვისაც და სპონსორებისთვისაც. გვაქვს გარკვეული პროექტები, რომლებზეც ვმუშაობთ.

დინამოს პრეზიდენტმა და გუნდის ხელმძღვანელებმა ასევე საზოგადოებისთვის  საინტერესო თემებზე ისაუბრეს და ჟურნალისტების  კითხვებს უპასუხეს.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024