• Geo
  • Eng
05.06.2014
მისი უდიდებულესობა ბურთი - ბრაზუკა

მუნდიალი 2014-ის ბურთი ბრაზუკა, კომპანია ადიდასისთვის გლობალური საფეხბურთო ტურნირებისთვის შექმნილი რიგით მე-12 ოფიციალური ბურთია.

შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინ, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შექმნილი ჯაბულანის გამო "ადიდასი" გვარიანად აკრიტიკეს. "მისი ტრაექტორიის განჭვრეტა შეუძლებელია", - წუხდა ცნობილი იტალიელი მეკარე- ჯანლუიჯი ბუფონი.

ადიდასი ამტკიცებს, რომ ბრაზუკას მოჭიდება გაუმჯობესებული აქვს და მძლავრად დარტყმის შემდეგ ტრაექტორიაც უფრო ზუსტია. "ჩვენ მასშტაბური კვლევები ჩავატარეთ, რათა დაგვედგინა, როგორ დაფრინავს ბურთი და შედეგებმა აჩვენა, რომ ფრენის ტრაექტორია ერთნაირი, პროგნოზირებადია - პრაქტიკულად, ცდომილებების გარეშე", -  აცხადებს  კომპანიის წარმომადგენელი მატიას მეკინგი.

ბრაზილიის მუნდიალის ოფიციალურ ბურთზე, თავის მხრივ, აეროდინამიკის სფეროს ექსპერტებმაც ისაუბრეს. "ბურთისთვის უმნიშვნელოვანესია მისი ზედაპირის რელიეფი", - ამბობს NASA-ს ერთ-ერთი განყოფილების დოქტორი რაბი მეხტა, რომლის თქმით, დარტყმის შესრულებისას ზედაპირის რელიეფის ხარისხი განაპირობებს ოპტიმალურ სიჩქარეს, რის შედეგადაც ჰაერში ბურთი უცებ იცვლის მიმართულებას.

ბრაზუკა თერმულად შერწყმული, ექვსი ელემენტისგან შედგება, ანუ აქ პანელი ორით ნაკლებია, ვიდრე  ჯაბულანის  შემთხვევაში იყო (2006 წლის მუნდიალის ბურთი  ტიმგეისტი  სულაც 14-ისგან შედგებოდა, ტრადიცული - 32-ისგან).  ადიდასი ირწმუნება, რომ ღარების ახალი გეომეტრია ბურთს აეროდინამიკურ სიზუსტესა და ფრენის სტაბილურობას სძენს.

ბურთის სახელწოდება 2012 წლის ნოემბერში გამოცხადდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ბრაზილიელმა მიიღო. გამოკითხულთა 77%-მა პროცენტმა მხარი სწორედ ამ სახელს - ბრაზუკას დაუჭირა. ასე ეძახიან თავიანთ თავს და ახლა უკვე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთსაც ბრაზილიელები.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024