• Geo
  • Eng
06.05.2014
დინამო vs ჩიხურა - მატჩამდე

უმაღლესი ლიგის ოცდამეათე ტურის შეხვედრას 7 მაისს დინამოელები საკუტარ არენაზე საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი გასულ სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეოთხე საფეხური დაიკავა. გასულ სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე სადებიუტო შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ლიხტენშტაინური ვადუცის ბარიერი დაძლია, მეორე ეტაპზე კი შვეიცარიულ თუნთან ორი მატჩის ჯამში – 1:5 დამარცხდა. ჩიხურამ თავისი პირველი ტიტული 22 დეკემბერს მოიპოვა, როცა საქართველოს სუპერთასის ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1:0.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ხუთწლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. დებიუტანტის კვალობაზე გასულ სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. მიმდინარე სეზონში კი გუნდი 29 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 45 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

 

 

დინამომდე...

პირველი წრის დასრულების შემდეგ საჩხერის ჩიხურამ ვერ მოახერხა შეკრებაზე საზღვარგარეთ გამგზავრება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა საკმაოდ იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზე დაიმატა რა- გივი კვარაცხელია, ელგუჯა გრიგალაშვილი და ლევან ხმალაძე. ჩიხურა სეზონისწინა ტესტ მატჩებში დამარცხდა დილასთან 1:2 და ტორპედოსთან 0:1. სამაგიეროდ თასზე მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სიონთან 2:2 დაასრულეს შეხვედრა და ჩემპიონატში ცხინვალის სპარტაკს 3:2 აჯობეს. მარცხი დინამოსთან 1:5. გურიასთან წაგება 0:2. 1:2 დამარცხდა ჩიხურა ტორპედოსთან. შემდეგ კიდევ ორი მარცხი, სიონთან 1:2 და მეტალურგთან 0:2. ფრე დინამოსთან 1:1, მარცხი ზესტაფონში 1:2, გამარჯვება გურიასთან 3:0, სიონთან მარცხი 2:3 და გამარჯვება რუსთავთან 4:1.

 

 

დინამო VS ჩიხურა

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 9 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე უდიდესი უპირატესობაა– 7 მოგება და ორი ფრე. ბურთების ბალანსი 32/8 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით - 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეექვსე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯაბა დვალმა დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა.  2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ ისევ ჰეთ–თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს.

ბოლო მატჩი საჩხერეში 4 აპრილს გაიმართა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ჩიხურას მცველი- ვაჟა ლომაშვილი დააკლდება.

 

 

დინამო VS ჩიხურამსაჯი

უმაღლესი ლიგის XXX ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- ზ. ფიფია და ზ. მენთეშაშვილი. დამატებითი ასისტენტები- ა. ნონიკაშვილი და ბ. ნინუა. სათადარიგო მსაჯი დ. ხარიტონაშვილი.

ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 4 მაისს პირველ ლიგაში იმერეთი 0:1 შუქურა იმსაჯა. შეხვედრაში არბიტრმა ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს ამა წლის 19 აპრილს იმსაჯა. დინამომ რუსთავში ადგილობრივი მეტალურგი ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა. არბიტრმა ოთხი ფეხბურთელი გააფრთხილა.

 

ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თევდორეძეკაშია, ოდიკაძე, კვარაცხელია, ხმალაძეკვასხვაძე, ბეჭვაია, დეკანოიძე, ქიმაძე, ჯიღაურიგაბედავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024