• Geo
  • Eng
26.04.2014
გურია VS დინამო - მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XXVIII ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთში გურიასთან გამართავენ. მატჩი 27 აპრილს 16:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

1926 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთოკლუბის თავდაპირველი სახელწოდება კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხვრებას კიმის ნაცვლად კომეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. საკლუბო ფერები ყვითელსა და მწვანეშია გადაწყვეტილი. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს, იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის პირველ გათამშებაზე წარმატებას, რომ მიაღწია. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმცა აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. გასულ სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

 

 

მწვრთნელი და გურია

 

პირველი წრის შემდეგ ლანჩხუთის გურიას ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში– დავით მახარაძე. ზამთრის პაუზის შემდეგ განახლებულ ჩემპიონატში გურიამ 9 შეხვედრა ჩაატარა. ლანჩხუთელებმა 2 მატჩი მოიგეს და 7 წააგეს.

 

 

... დინამომდე

 

ჩემპიონატის განახლების შემდეგ გურიამ 4 შეხვედრა ჩაატარა. დაამარცხა გორის დილა 3:1, დამარცხდა ცხინვალის სპარტაკთან 0:1, აჯობა ჩიხურას 2:0 და მარცხი ზუგდიდთან 0:2. შემდეგ გურიამ 5 მატჩი წააგო ზედიზედ. 0:3 დინამოსთან, 0:1 ზესტაფონთან, 1:2 სიონთან, 1:3 მეტალურგთან და 0:3 ჩიხურასთან.

 

 

დინამო VS გურია

 

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 24 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 19 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 73/14 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 25 მარტს თბილისში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს. გურიას კარში გოლები ჩისკომ, მარცვალაძემ და გლიშიჩმა გაიტანეს.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაციის გამო, ხვალინდელ შეხვედრას დავით კვირკველია დააკლდება.

 

 

დინამო VS გურია - მსაჯი

 

უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ლანჩხუთში გურიას წინააღმდეგ გამართავს, მახაზ ბეუქლიშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- დ. ჩიგოგიძე და ა. კოკაია. სათადარიგო მსაჯი თ. ხუჭუა.

მალხაზ ბეუქლიშვილმა ბოლოს 23 აპრილს მეორე ლიგაში რუსთავი – მარკ სტარი 3:5 იმსაჯა. შეხვედრაში არბიტრმა 3 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. ჩვენი გუნდის მონაწილეობით მალხაზ ბეუქლიშვილმა ბოლოს 4 აპრილს ივანწმინდაში ჩიხურა 1:1 დინამო იმსაჯა. არბიტრმა ორჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

 

გურია. სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

 

ბობღიაშვილი - ქურდაძე, მეგრელიშვილი, გაჩეჩილაძე, ჩუენსუ - კვირტია, შენგელია, კუკულაძე, ტეიდი - ისიანი, კვერენჩხილაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024