• Geo
  • Eng
18.04.2014
მეტალურგი vs დინამო - მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXVII ტურის შეხვედრას დინამო თბილისი რუსთავში მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება ფოლადის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

 

რუსთავის საფეხბურთო კლუბი მეტალურგი 1948 წელს დაარსდა.  გუნდმა დაარსებიდან დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. რუსთავულმა კლუბი 2011 წელდა ასპარეზობას პირვანდელი სახელწოდებით აგრძელებს. რუსთავის მეტალურგი საშინაო შეხვედრებს ქალაქის ცენტრალურ არენაზე – ფოლადზე მართავს, რომელიც 6 200 მაყურებელს იტევს. მეტალურგის საკლუბო სიმბოლიკა ძირითადად წითელ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენმა მომავალმა  მეტოქემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ – 2006/2007 და 2009/2010 წლებში მოიპოვა. 2007 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში იმარჯვა.

 

 

მწვრთნელი და მეტალურგი

 

გუნდის თავკაცად პირველი ეტაპის შემდეგ ვარლამ კილასონია მუშაობს. მეორე ეტაპის განახლებიდან მისმა გუნდმა ჩემპიონატში 8 შეხვედრა გამართა. აქედან მეტალურგმა ოთხ შემთხვევაში იმარჯვა, ერთი ფრე და სამი მარცხი. საქართველოს თასის გათამაშებაზე კი მეტალურგმა მეოთხედფინალური მატჩები დინამო თბილისთან დათმო. თბილისელებმა ანგარიშით 2:0 და 4:1 აჯობეს რუსთაველებს.

 

 

დინამომდე

 

ზამთრის პაუზის შემდეგ რუსთაველებმა საქართველოს თასზე მეოთხედფინალური პაექრობის პირველი შეხვედრა სახლში დათმეს ჩვენს გუნდთან ანგარიშით 0:2. შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში 2:0 აჯობეს ვიტ ჯორჯიას, ფრე ითამაშეს 0:0 მერანთან და სახლში დამარცხდნენ სიონთან 0:2. გამარჯვება დინამოსთან 1:0, შემდეგ მარცხი იმავე დინამოსთან თასზე 1:4. მარცხი ზესტაფონში 0:2 და გამარჯვება ჩიხურასთან იმავე ანგარიშით. მეტალურგმა სიონთან წააგო შემდეგ 0:2 ბოლო შეხვედრაში გურიას აჯობეს 3:1.

 

 

დინამო VS მეტალურგიურთიერთშეხვედრები

 

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 48–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 29 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი, ბურთების შეფარდება 94/38 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 7–ჯერ დაფიქსირდა და შვიდივეჯერ დინამოს სასარგებლოდ.

ბოლოჯერ კი ეს გუნდები 16 მარტს შეხვდნენ ერთმანეთს. თბილისში გამართული მატჩი სტუმრების გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

 

დინამო VS მეტალურგი -  მსაჯი

 

უმაღლესი ლიგის XXVII ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი რუსთავში მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- ზ. ფიფია და გ. ჩიგოგიძე. სათადარიგო მსაჯი ლ. კვარაცხელია.

 

ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 8 აპრილს გურია 1:2 სიონი იმსაჯა. შეხვედრაში არბიტრმა სამი ფეხბურთელი გააფრთხილა.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს ამა წლის 25 მარტს იმსაჯა. დინამომ გურია სამი უპასუხო გოლით დაამარცხა. მატჩის დროს კრიჭაშვილმა ოთხი ფეხბურთელი გააფრთხილა.

 

მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში რუსთაველთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სეფიაშვილი - მახვილაძე, კაკაშვილი, კილასონია, ჩირგაძე - საჯაია, დობროვოლსკი, ქავთარაძე, მიქაბერიძე - ჩიმაკაძე, გიგაური

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024