• Geo
  • Eng
14.03.2014
რომან ფიფია: ეს სიძულვილის კედელი უნდა დაინგრეს!

უკანასკნელ ტურში "ტორპედოსა" და "დინამოს" მატჩის დროს მომხდარი ინციდენტიც (რბილად ნათქვამია - გ. ტ.) და ამ ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენები კვლავაც დიდხანს იქნება განსჯის საგანი.

ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ვგულისხმობთ, რომელიც, არ არის გამორიცხული, შესაძლოა, შეიცვალოს კიდეც! "ტორპედოს" მიმართ გამოტანილი სანქციების შეცვლის (გნებავთ, გადახედვის) უფლება კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს აქვს, რომლის სხდომაც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიმართოს.

მოკლედ, "ტორპედო"-"დინამოს" ის სკანდალურად ჩაშლილი მატჩი კვლავაც აქტუალურ თემად რჩება ქართულ საფეხბურთო სამყაროში. ასევე აქტუალურად მივიჩნიეთ ერთ-ერთი მხარის პოზიცია და ამჟამად უცხოეთში მყოფ "დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიას დავუკავშირდით...

- ვიდრე ამ სკანდალურ მატჩთან დაკავშირებით თქვენს პოზიციას მოვისმენდეთ, გკითხავთ, შესაძლებელი იყო თუ არა მომხდარის თავიდან აცილება?
- რასაკვირველია. რაც მოხდა, იმის თავიდან აცილება შესაძლებელიც იყო და აუცილებელიც. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

- ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ "ტორპედო"-"დინამოს" ეს დაპირისპირება დიდი რისკის მატჩად მიიჩნეოდა და რა პრევენციული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული? ისიც გვაინტერესებს, მატჩამდე თუ გქონდათ საუბარი "ტორპედოს" ხელმძღვანელობასთან ან სფფ-ის წარმომადგენლებთან, რათა ქუთაისის სტადიონზე მაქსიმალურად ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები დაცული?
- მათთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. კლუბში ვიცოდით ფანებს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მობილიზებული იყო კიდეც სამხარეო პოლიციის ძალები. დანარჩენი მასპინძელი გუნდის ხელმძღვანელობის საქმე იყო, რომ არ დაეშვათ ის ბაკქანალია. მოედანზე შესასვლელი კარი გაიღო, "ციხე" შიგნიდან გატყდა. პოლიცია მობილიზებული იყო, სხვაგვარად სამშვიდობოს ვერც გამოვიდოდით.

- "ტორპედოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მატჩამდე გააფრთხილეს "დინამოს" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მოსალოდნელი საფრთხის აცილების მიზნით სთხოვეს, თბილისიდან ფანები "დინამოს" არ წამოეყვანა. იყავით თუ არა ამის შესახებ საქმის კურსში?
- შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მასპინძელი გუნდის წარმომადგენლის მხრიდან იყო ერთი ზარი მოსალოდნელი დაპირისპირების ალბათობის შესახებ და წინადადებაც, იქნებ ფანები არ ჩაგვეყვანა.

თუ სტადიონი დისკვალიფიცირებულია და მატჩი მაყურებლის გარეშე ტარდება, "დინამოს" ფანების არყოფნაც გასაგებია; მაგრამ ქუთაისის სტადიონს არ ჰქონდა დისკვალიფიკაცია და ფეხბურთი ხომ გულშემატკივრებისთვის არსებობს. ცალკე ფეხბურთელი და ცალკე ფანი არ არსებობს.

ჩვენ ვერავის არ და ვერ ავუკრძალავთ "დინამოს" გულშემატკივრობას და ვერც ქუთაისში ჩასვლას ავუკრძალავდით. თუ კლუბის მიერ ორგანიზებულად არა, ისინი მაინც ჩავიდოდნენ ქუთაისში და, ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, სავსებით შესაძლებელი იყო, საბედისწერო შედეგი მიგვეღო.

- ზოგის აზრით, ეს ერთგვარი პასუხი იყო იმ ქმედებების გამო, რაც მოხდა 2013 წლის 26 ოქტომბრის მატჩში, როცა "დინამო"-"ტორპედოს" თბილისური შეხვედრის მიმდინარეობისას, "დინამო არენის" სექტორების გამყოფ ტერიტორიაზე ორივე გუნდის ფანებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც სტუმართა გუნდის რამდენიმე გულშემატკივარი დაშავდა.
- ჩემი აზრით, ეს არ იყო იმის გაგრძელება. საერთოდ, ჩვენი ფანები, როგორც წესი, არ ტოვებენ ტრიბუნებზე მათთვის გამოყოფილ ადგილს თბილისშიც, ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც და ყველგან თავიანთი გუნდის ქომაგობით არიან დაკავებულნი. ისინი თავმოყვარე და ღირსეული ბიჭები არიან. მათ საკუთარი გუნდის ფანატიკური სიყვარული აერთიანებთ და არა მოწინააღმდეგისადმი ზიზღი და სიძულვილი.

- ქუთაისში მომხდარ ფაქტს ზოგი პროვოკაციად აფასებს; ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ დაუსჯელობის სინდრომი არსებობს. ამასთან დაკავშირებით, თქვენ რას ფიქრობთ?
- ჩემი სუბიექტური აზრით, 2:0 მასპინძელთა სასარგებლოდ რომ ყოფილიყო, რაც მოხდა, ის არ მოხდებოდა.

ქუთაისელი გულშემატკივარი ყოველთვის განსაკუთრებულად მომთხოვნია, რაც არ არის გასაკვირი. "ტორპედო" გამორჩეული ქართული კლუბია დიდი ისტორიით და მდიდარი წარსულით. წარუმატებლობას ქომაგი ყოველთვის მტკივნეულად განიცდის, რითიც რამდენიმე ვაი-გულშემატკივარმა ისარგებლა, აიყოლია მოზარდები და ზღვარი გადაილახა.

ეს, პირველ რიგში, იმ ქალაქის შეურაცხყოფა იყო, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემთ და გვიყვარს.

- აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებამ: ზოგს მიაჩნია, რომ "ტორპედო" მკაცრად დაისაჯა, ზოგის აზრით კი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. აქვე, "დინამოზე" დაკისრებულ ჯარიმაზეც გვაინტერესებს თქვენი აზრი.
- ვინმეს დასჯა ჩვენი თვითმიზანი არ არის. მიგვაჩნია, რომ ფინანსური ჯარიმები საკეთილდღეოდ არაფერს შეცვლის და გუნდის მდგომარეობას დაამძიმებს. ცუდი სიტუაცია კი არავის გვაწყობს. მაგრამ გარკვეული სანქციები, მაგალითად, სტადიონის დისკვალიფიკაცია, აუცილებელია.

შესაძლოა, შედარებით მცირე ფინანსური ჯარიმა და უფრო დიდი ვადით სტადიონის დისკვალიფიკაცია უფრო მართებული ყოფილიყო. ცალსახად რთული სათქმელია.

ჩვენზე დაკისრებულ ჯარიმას რაც შეეხება, ალბათ, ჩვენც დავაშავეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იმ სკამებით ქვებისგან თავის დაცვას ცდილობდა.

- სადისციპლინო კოდექსში არის სპეციალური მუხლი, რომლის მიხედვითაც, "მაყურებლების მიერ მიუღებელი ლექსიკისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სკანდირება" შესაბამისი სასჯელით - 1000 ლარით ისჯება, თუ იგივე სხვა მატჩშიც მოხდა - 2000 ლარით. როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელი ადეკვატურია?
- ყველაზე მიუღებელი სწორედ ის გახლავთ, სტადიონზე ქართველები ქართველს რომ აგინებენ. ტრიბუნებიდან გინების ერთხმად სკანდირება ყველაზე ამაზრზენია. აუცილებლად დავაყენებ აღმასკომზე შესაბამისი სასჯელის გამკაცრების საკითხს. ჩემი აზრით, მსგავს შემთხვევებში ჯარიმა ჯერ 10 000 ლარი, განმეორებით შემთხვევაში 20 000 ლარი უნდა იყოს, შემდეგ კი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება უნდა მოხდეს. ამ სენს როგორმე უნდა ვძლიოთ.

- ისევ ქუთაისში ჩაშლილ მატჩს დავუბრუნდეთ, სადაც თქვენ "ლელოსთან" კომენტარში ასეთი რამ ბრძანეთ: "სამომავლოდ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სიტუაცია ნორმალურია, "დინამო" ქუთაისში სათამაშოდ არ ჩავა". ეს მხოლოდ ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები იყო თუ დღესაც ასე ფიქრობთ?
- ნამდვილად, ეს ცხელ გულზე იყო ნათქვამი, მაგრამ მაშინაც ცხელ გულზე და ახლაც ასე ვფიქრობ. იმ დღეს, ღმერთის წყალობით, ყველანი დიდ უბედურებას გადავრჩით. სანამ ასი პროცენტით არ ვიქნები დარწმუნებული უსაფრთხოების მხრივ, მსგავსი რისკის საკუთარ თავზე აღებას მოვერიდები.

- როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ ქუთაისში მომხდარზე სფფ-ს არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია (თუ არ ჩავთვლით სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას)?
- ალბათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ჩემპიონატს ის ატარებს. ბოლო ტურის შეხვედრაში გორშიც მოხდა გარკვეული ინციდენტი. ფედერაციის ის წარმომადგენლები, რომელთა ფუნქციებშიც შედის ეს საკითხები, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საქმეს. სადაც სათანადო ყურადღება არ ექცევა უსაფრთხოების ზომების დაცვას, მატჩები არ უნდა ჩატარდეს.

- როგორ წარმოგიდგენიათ "ტორპედო"-"დინამოს" სამომავლო ურთიერთობა, მომავალ სეზონში იქნება თუ ვთქვათ, თასის მიმდინარე გათამაშებაში? აი, მაგალითად, ხომ არის იმის ალბათობა, რომ "დინამო" და "ტორპედო" თასის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს?
- ჩვენ პრობლება არ გვაქვს "ტორპედოსთან". აუცილებლად მინდა ვთქვა და დიდი მადლობა ვუთხრა "ტორპედოს" იმ ფეხბურთელებს, რომლებიც იმ რთულ ვითარებაში დინამოელების დაცვას ცდილობდნენ. გვერდიდან ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა.

დღესდღეობით, "ტორპედო"-"დინამოს" შეხვედრა ქუთაისში, ვეჭვობ, რომ ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს. სამომავლოდ კი, ვიმედოვნებ, ყველაფერი დალაგდება. მე, როგორც "დინამოს" წარმომადგენელმა (მჯერა, რომ ჩვენი ფანკლუბის წევრებიც მხარს დამიჭერენ) და "ტორპედოს" მხრიდანაც პასუხისმგებელმა პირმა (რომელსაც ადგილობრივი გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნება), ერთად უნდა შევძლოთ ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა.

საქართველოს ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ფანკლუბებს შორის ასეთი სახის დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ეს სიძულვილის კედელი უნდა დაინგრეს. დარწმუნებული ვარ: თუ მონდომება ორივე მხრიდან იქნება, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტორი:  გია ტუხაშვილი

13.03.2014

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024