• Geo
  • Eng
01.03.2014
ჩიხურა vs დინამო - მატჩამდე

უმაღლესი ლიგის მეოცე ტურის შეხვედრას დინამოელები გასვლაზე ზესტაფონში საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი გასულ სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეოთხე საფეხური დაიკავა. გასულ სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე სადებიუტო შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ლიხტენშტაინური ვადუცის ბარიერი დაძლია, მეორე ეტაპზე კი შვეიცარიულ თუნთან ორი მატჩის ჯამში – 1:5 დამარცხდა. ჩიხურამ თავისი პირველი ტიტული 22 დეკემბერს მოიპოვა, როცა საქართველოს სუპერთასის ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1:0.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ხუთწლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. დებიუტანტის კვალობაზე გასულ სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. მიმდინარე სეზონში კი გუნდი 19 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 38 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება.

 

 

დინამომდე...

პირველი წრის დასრულების შემდეგ საჩხერის ჩიხურამ ვერ მოახერხა შეკრებაზე საზღვარგარეთ გამგზავრება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა საკმაოდ იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზე დაიმატა რა- გივი კვარაცხელია, ელგუჯა გრიგალაშვილი და ლევან ხმალაძე. ჩიხურა სეზონისწინა ტესტ მატჩებში დამარცხდა დილასთან 1:2 და ტორპედოსთან 0:1. სამაგიეროდ თასზე მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სიონთან 2:2 დაასრულეს შეხვედრა და ჩემპიონატში ცხინვალის სპარტაკს 3:2 აჯობეს.

 

 

ჩიხურა VS დინამო

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 7 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე 6 მოგება და ერთი ფრეა. ბურთების ბალანსი 26/6 თბილისელტა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით - 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეხუთე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებმა 20 ოქტომბერს გამართეს. დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ჯაბა დვალმა დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამო თბილისის შემადგენლობიდან არავინ დააკლდება. ჩიხურა დისკვალიფიკაციის გამო შოთა კაშიას მოისაკლისებს.

 

 

ჩიხურა VS დინამომსაჯი

ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 2 მარტს სტუმრად საჩხერეს საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან ბ. ნინუა და გ. ყრუაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. კრიჭაშვილი შეასრულებს.

 

ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თევდორეძე – კვარაცხელია, ოდიკაძე, ლომაშვილი, ხმალაძე – დათუნაშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე, ქიმაძე, ჯიღაური – გაბედავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024