• Geo
  • Eng
28.09.2011
დინამო 2:2 დილა - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო თბილისისა და გორის დილას სათასო დაპირისპირების დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზის საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
ალექს გარსია - პირველ ტაიმში თამაში გვეჭირა. სამწუხაროდ ის მომენტები რაც გვქონდა ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი ძალიან ავირიეთ. ზედიზედ მეორე შეხვედრაა საკუთარ კარში გაგვაქვს გოლი, ეს კი ბუნებრივია ჩვენს სათამაშო მონახაზში სერიოზულ კორექტივებს ახდენს. შეხვედრის მიწურულს კი ძალიან დიდი შრომის შედეგად ფრეს მივაღწიეთ. იქედან გამომდინარე, რომ თასის შეხვედრაა, შინ ფრე ნამდვილად არ არის მისაღები. მაგრამ, გამარჯვებული გუნდის ვინაობა, ორი თამაშის ჯამში წყდება.  თუმცა დღეს გამართულ შეხვედრაში ყველაფერი ისე მოხდა, თითქოს ამ მატჩის მეორე ტაიმში უნდა გარკვეულიყო შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა. საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამი გვაქვს და იმ ფეხბურთელებსაც მივეცით თამაშის საშუალება, რომელთაც ნაკლებად ჰქონდათ ჩემპიონატში სათამაშო პრაქტიკა. რაც შეეხება ლორიას, მას თეორიულად ორი კვირა მოუწევს დასვენება.
გიორგი ცეცაძე  - ჩემი აზრით კარგი, ლამაზი და სანახაობრივი თამაში იყო. ფეხბურთი ყველას იმიტომ უყვარს, რომ მრავალფეროვანი თამაშია. დღეს ორივე გუნდმა მოძრავი, შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი აჩვენა და ვფიქრობ ასეთი თამაშით გულშემატკივარს კიდევ უფრო მოვიზიდავთ სტადიონზე. შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, ვინაიდან მოგების შანსი გვქონდა. თუმცა დინამოსთან სტუმრად, ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, როგორც ხედავთ შავები ნამდვილად არ მაცვია, სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე მეტოქის მოედანზე ფრე - 2:2 არ არის ცუდი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, პირველივე შეხვედრის მოგება გვსურდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაცვაზე არ ვზრუნავდით და მხოლოდ შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულნი. ორი იძულებითი შეცვლა გავაკეთეთ და ამან ბუნებრივია სათამაშო სქემა აგვირია. ძალიან რთული კალენდარი გვაქვს, 17 რიცხვის შემდეგ  ოთხი თამაშის ჩატარება მოგვიწია. ყველა ძლიერ მეტოესთან ვითამაშეთ და ფეხბურთელებს გადაღლილობაც დაეტყოთ. 2:1-ზე ანგარიშის შენარჩუნება, რომ ვერ მოვახერხეთ, ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელების გადაღლილობისა და ფსიქოლოგიური წნეხის დამსახურებაა. რთულია უმაღლეს ლიგაში პირველივე სეზონში მაღალ დონეზე თამაში. დინამო ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და ძლიერი მწვრთნელი ჰყავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024