• Geo
  • Eng
30.01.2014
მეორე სპარინგი ჰაიდუკთან

ხვალ, 31 იანვარს, დინამო თბილისი შეკრებაზე მეორე სპარინგ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ტესტ–მატჩში ხორვატიის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს – სპლიტის ჰაიდუკს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად ხორვატიის ჩემპიონტში რიეკასთან მეორე–mესამე ადგილებს იყოფს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენ კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  იგეგმება პირდაპირ ეთერის ჩვენება.

 

ჩვენი მეტოქე - ჰაიდუკი

ხორვატიის ქალაქ სპლიტში 1911 წლის 13 თებერვალს დაარსებული ჰაიდუკი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. ჰაიდუკს ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი ექვსჯერ აქვს მოგებული. გუნდი წარმატებით ასპარეზობდა ყოფილი იუგოსლავიის ჩემპიონატშიც, 70–იან წლებში გუნდს ოქროს ხანა ედგა... ჰაიდუკმა იუგოსლავიის ჩემპიონობა ცხრაჯერ იზეიმა, ამდენჯერვა იმარჯვა თასის გათამაშებაზე. ევროასპარეზზე სპლიტის გუნდმა 1972/73 წლების სეზონში თასების მფლობელთა თასის ნახევარფინაში ითამაშა, იგივე რეზულტატი აჩვენა 1983/84 წლების სეზონში უეფას თასის გათამაშებაზეც. სპლიტის ჰაიდუკისთვის ხორვატიის ჩემპიონატში პრინციპული მეტოქე დინამო ზაგრებია და მათ შეხვედრას ხოევატიაში მარადიული დერბის სახელით იცნობენ.

 

ჰაიდუკი საშინაო შეხვედრებს 1979 წლეს აშენებულ სტადიონ პოლიუდზე მართავს, რომელიც 35 000 მაყურებელს იტევს. ჰაიდუკის საშინაო შეხვედრაზე რეკორდული დასწრება 1980 წელს დაფიქსირდა, როდესაც გუნდმა გერმანულ ჰამბურგს უმასპინძლა. აღნიშნულ მატჩს თვალ–ყურს 52 000 გულშემატკივარი ადევნებდა.

 

 

ჰაიდუკის საკლუბო სიმბოლიკა თეთრ, ლურჯ და წითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. გუნდის გერბი ხორვატიის ეროვნული სიმბოლიკის მსგავსად თეთრ–წითელი ჭადრაკული დაფისგან არის შემდგარი.

 

ჩვენი მომავალი სპარინგ მეტოქის შემადგენლობაში სხვა და სხვა დროს სტიპე პლეტიკოშას, სლავენ ბილიჩს, დარიო სრნას, ანტე ზანეტიჩს, ივან გუდელს, ალენ ბოკშიჩს და სხვა მრავალ ცნობილ–ტიტულოვან ფეხბურთელს უთამაშია.

 

გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი წარსულში ცნობილი და ტიტულოვანი ფეხბურთელი იგორ ტუდორი გახლავთ.

 

სპლიტის ჰაიდუკი უკვე მეათე დღეა თურქეთში, WOW Football Center-ში ემზადება. დღემდე, ანთალიაში ყოფნისას გუნდმა სამი საკონტროლო მატჩი ჩაატრა, საიდანაც ერთი მოიგო და ორი წააგო. ხვალ, ჰაიდუკი ორ სპარინგ შეხვედრს გამართავს, იგორ ტუდორის გუნდი თბილისის დროით 17:30 საათზე რუმინულ უნივერსიტატია კლუჟს დაუპირისპირდება, ხოლო 20:00 საათზე დინამოსა და ჰაიდუკის მატჩი დაიწყება.

 

საკონტროლო მატჩები (ანტალია):

22.01.: სანჰაუზენი (გერმანია. მეორე ბუნდესლიგა) 3:1 ჰაიდუკი

25.01.: გიოენგნამი (კორეა. K ლიგა) 3:2 ჰაიდუკი

25.01.: შტურმი (ავსტრია. ბუნდესლიგა) 0:2 ჰაიდუკი

31.01.: უნივერსიტატია კლუჟი (რუმინეთი. უმაღლესი ლიგა) - ჰაიდუკი

31.01.: დინამო თბილისი (საქართველო. უმაღლესი ლიგა) - ჰაიდუკი

 

დინამოსთან გასამართი საკონტროლო შეხვედრა ჰაიდუკისთვის თურქულ შეკრებაზე ჩასატარებელი ბოლო მატჩი გახლავთ. ხორვატიის ჩემპიონატს გუნდი სპლიტის დერბით განაახლებს, 8 თებერვალს ჰაიდუკი გასვლით მატჩში თანაქალაქურ სპლიტს დაუპირისპირდება.

 

აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისი და სპლიტის ჰაიდუკი მოსამზადებელ შეკრებაზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის 2007 წლის 4 ივლისს გერმანიის ქალაქ გოტინგენში გაიმართა და ხორვატთა გამარჯვებით – 3:2 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024