• Geo
  • Eng
27.09.2011
დინამო VS დილა - მატჩის წინ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი გორის დილასთან გაარკვევს ურთიერთობას. დინამო თბილისი მცირე დროის მონაკვეთში უკვე მეორედ დაუპირისპირდება დილას და სათასო შეხვედრების სპეციფიკიდან გამომდინარე, 28 სექტემბერს გასამართი მატჩი უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. მას შემდეგ, რაც დინამომ მეტოქე მისსავე არენაზე მიკელ ალვაროს თავური გოლით უკანასკნელ წამებზე დაამარცხა, დილას შეხვედრა არ წაუგია და ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსის სახით მოგვევლინა თასისა თუ ჩემპიონატის შეხვედრებში.                                დინამოსთან მარცხის შემდეგ დილამ ჯერ თასსზე იმარჯვა სოხუმის აეტთან 3:0 და ორი მატჩის ჯამში დებიუტანტი მეტოქე 5:0 გაანადგურა. შემდეგ კი სტუმრად მარტვილის მერანს დაუზავდა – 2:2.  არადა გორელები შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ გაიჭრნენ წინ ჯერ ჩაგელიშვილის გოლით – 1:0, შემდეგ კი – რაჟამაშვილის მიერ გატანილი ბურთის  წყალობით. თუმცა უმაღლესი ლიგის დებიუტანტთა დაპირისპირება ფრედ დასრულდა და განგებამ მეტოქეებს ქულათა მარაგის შევსების საშუალება მისცა.მარტვილთან ფრედ დასრულებულ შეხვედრას კი უმაღლესი ლიგის 2011/2012 წლების გათამაშების ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოჰყვა. მესამე ტურის გადადებულ შეხვედრაში, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართა, გორელებმა მოქმედი ჩემპიონი, მათსავე მშობლიურ არენაზე  დიდი ანგარიშით – 4:0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობაც გაიუმჯობესეს.
ჩვენთან შეხვედრამდე დილამ მეშვიდე ტურის შეხვედრაშიც მოასწო მორიგი გამარჯვების მოპოვება. გათამაშების აუტსაიდერთან, ბოლნისის სიონთან, გორის დილამ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი საშინაო გამარჯვებაც აღნიშნა და მოპოვებული სამი ქულით ექვსი საუკეთესო გუნდის ჩამონათვალშიც აღმოჩნდა.
სათამაშო ფორმის პიკზე მყოფი დილა, თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას ამაღლებული განწყობით ხვდება, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს მატებს დინამო – დილას ორრაუნდიან დაპირისპირებას.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართული დინამოსა და დილას ურთიერთშეხვედრები  წლების მანძილზე ჩვენი გუნდის კარნახით მიმდინარეობს. 42 ჩატარებული შეხვედრიდან ჩვენმა გუნდმა გორელები 39–ჯერ დაამარცხა, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
რაც შეეხება სათასო დაპირისპირებას დინამო დილას   უკვე მეოთხედ დაუპირისპირდება. თბილისელი და გორელი ფეხბურთელების გზები ჯერ კიდევ შორეულ 1995/96 წლების სეზონში გადაიკვეთა, როდესაც ჩვენმა გუნდმა მეტოქე გათამაშებიდან უპრობლემოდ გამოთიშა  – 4:0 და 3:0.
სათასო დაპირისპირება 1997/98 წლების სეზონშიც გაგრძელდა და მაშინ გორელებმა ფინალში გასვლისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს პირველივე შეხვედრაში, მათ დინამო საკუთარ მოედანზე დაამარცხეს – 2:1, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა და დინამოელებემა ზედიზედ მეექვსე ფინალში გააღწიეს, სადაც ჩვენი გუნდი ზედიზედ მეექვსეჯერ გახდა ტრიუმფატორი.
გორის დილას სავარაუდო შემადგენლობა: მერლანი – გველესიანი, ქარქუზაშვილი, მაჭავარიანი, ლომიძე – ახალკაცი, პ.ხორგუაშვილი, ნოზაძე, რაჟამაშვილი, ჯოჯუა – ჩაგელიშვილი
გასულ სეზონში საქართველოს თასზე
გასულ სეზონში დილა პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა თასის გათამაშებას. მაშინ, ჯერ კიდევ პირველ ლიგაში მოთამაშე დილა, ასევე პირველ ლიგელ ლოკომოტივთან დამარცხდა. ერთი მატჩიან დაპირისპირებაში დილამ პენალტების სერიაში წააგო თბილისურ გუნდთან 3:4 და გათამაშებას გამოეთიშა.
დინამო თბილისმა საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშება გასულ სეზონშიც პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყო. ჩვენმა გუნდმა სტუმრად საჩხერის ჩიხურა დაამრცხა 4:0, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან – გაგრასთან ორ რაუნდიან დაპირისპრებაში (2:1, 1:2) პენალტებით წააგო 2:4 და გათამაშებას დაემშვიდობა.
გორის დილას რიგებში მოთამაშე ოლეგ გველესიანი, ბექა შეყრილაძე და ვაჟა ნემსაძე სხვადასხვა დროს ჩვენი გუნდის ღირსებას იცავდნენ. მეტიც 2007/2008 წლების სეზონში ოლეგ გველესიანი, რომელსაც დინამოს მაისურით 2007 წლიდან 2009 წლამდე 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში სამი გოლიც აქვს გატანილი, საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეპატრონა დინამოსთან ერთად.
დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ჩვენი გუნდი კვლავ ბასაზე ითამაშებს.  დინამო – დილას დაპირისპირება 28 სექტემბერს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გაიმართება და თბილისის დროით შეხვედრა 16:00–ზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024