• Geo
  • Eng
14.12.2013
ვიტ ჯორჯია VS დინამო – მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVII ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. 15 დეკემბერს დინამო არენაზე დინამოელთა და ვეტერინართა დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

 

ჩვენი მეტოქე

 

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია საქართველოს ჩემპიონატში 1997/1998 წლების სეზონში გამოჩნდა. გუნდის სიმბოლიკა ძირითადად მწვანე და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ვიტ ჯორჯია საშინაო მატჩებს მცხეთაში, მცხეთა პარკზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. 1997 წლის მიწურულს შექმნილმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე მორკინალი ჩაანაცვლა. ქართულ საფეხბურთო ელიტაში მოხვედრიდან სამი წლის შემდეგ გუნდმა პირველი მედლის მოპოვებაც მოახერხა, გუნდმა 1999/2000 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა და ვეტერინარები ვერცხლის მედლებს დაეპატრონენ. მას შემდეგ 10 წლის განმავლობაში ვიტ ჯორჯია სტაბილურად ახერხებდა ევროთასებზე გამსვლელი საგზურის მოპოვებას. ვეტერინარებმა ევროტურნირებზე უკანასკნელად 2010/2011 წლების სეზონში იასპარეზეს. უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაზე ჩვენი მომავალი მეტოქე ჩეხურ ბანიკ ოსტრავას დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში (0:6, 0:0) ანგარიშით – 0:6 დამარცხდა. ვიტ ჯორჯიამ ისტორიაში დიდ წარმატებას 2003/2004 წლების სეზონში მიაღწია, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. ვეტერინარებმა ანალოგიური შედეგი 2008/2009 წლების სეზონში გაიმეორეს და საქართველოს ჩემპიონის წოდებას მეორედ დაეუფლნენ. 2009/2010 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე იმარჯვა. დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში, რომელსაც 12 000 მაყურებელი ესწრებოდა, ერთმანეთს ჩვენი გუნდი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით – 0:1 წააგეს. 2009 წელს საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში დინამოელთა და ვეტერინართა გზები გადაიკვეთა. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე საქართველოს თასის მფლობელი დინამო თბილისი ჩემპიონ ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, 15 წუთიან დამატებით ტაიმებში კი ვეტერინარებმა გოლის გატანა შეძლეს. საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში დინამო 1:2 დამარცხდა.

 

მწვრთნელი და ვიტ ჯორჯია

 

ვიტ ჯორჯიელთა მთავარი მწვრთნელი 2013 წლის აპრილიდან ზურაბ ბერიძე გახლავთ. 2012/2013 წლების სეზონის პირველ ეტაპის შემდეგ, ვიტ ჯორჯიამ გათამაშების მეორე ნახევარი ქვედა ექვსეულში გაატარა. გასავარდნ ზონაში მყოფი ვიტ ჯორჯია ზურაბ ბერიძემ ჩაიბარა და მასთან ერთად გუნდი საფეხბურთო ელიტაში დარჩა. მიმდინარე სეზონში ვიტ ჯორჯიამ 16 ჩატარებული მატჩიდან 5 შეხვედრა გამარჯვებით, 4 თამაში საყაიმო ანგარიშით 7 მატჩი კი მარცხით დაასრულა. ზურაბ ბერიძის შეგირდებმა უმაღლეს ლიგაში 16 ჩატარებულ თამაშში მეტოქეთა კარში 19 გოლი გაიტანეს, სანაცვლოდ კი 23 გაუშვეს.

 

დინამომდე

 

მცხეთაში გამართული ვიტ ჯორჯია 0:2 დინამოს შემდეგ, ვეტერინარებმა უმაღლეს ლიგაში 12 მატჩი გამართეს. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩატარებული თორმეტი მატჩიდან 4 თამაშში იმარჯვა, 2 ფრედ დაასრულა, 6 შემთხვევაში კი დამარცხდა.

 

 

დინამო VS ვიტ ჯორჯია

 

ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.  48 ჩატარებულ შეხვედრაში 18 მატჩი დინამომ მოიგო, 11 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 18 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ 60:39 არის. უკანასკნელი მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის გაიმართა ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. მეტოქის კარში გოლები დორინ გოგამ და ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანეს. 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას ჩვენი გუნდიდან გიორგი გველესიანი გამოტოვებს. ვიტ ჯორჯია ხვალინდელ მატჩს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება.

 

ვიტ ჯორჯია VS დინამომსაჯი

 

დინამო თბილისისა და ვიტ ჯორჯიას ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, ბაკურ ნინუა განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ა. კრიჭაშვილი შეასრულებს.  

 

ვიტ ჯორჯიას სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ვიტ ჯორჯიას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

დაუშვილი – ადამაძე, გეთიაშვილი, კასრაძე, მჭედლიშვილი – დავლაშელიძე, კორიფაძე, ღიბრაძე – წყაროზია, ჯანელიძე, სიჭინავა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024