• Geo
  • Eng
08.12.2013
ზუგდიდი VS დინამო – მატჩამდე

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVI ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი  ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება და მატჩის ტექსტურ რეპორტაჟს დინამო თბილისის ოფიციალური ვებ–გვერდი ჩემოგთავაზებთ.

 

ჩვენი მეტოქე

ზუგდიდის სფეხბურთო ისტორია სათავეს XX საუკუნიდან იღებს და მას შემდეგ ამ ქალაქის სახელით არაერთ გუნდს უთამაშია. 1990 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთო ჩემპიონატში ქალაქ ზუგდიდს ჯერ საფეხბურთო კლუბი ოდიში წარმოადგენდა, შემდეგ კი – დინამო. ჩვენ ქვეყანაში მომხდარი სამოქალაქო ომისა და მომდევნო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზუგდიდური გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტას დაემშვიდობა. 2007/2008 წლის სეზონში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში ზუგდიდური კლუბი – მგლები ასპარეზობდა. 2008 წელს უმაღლეს ლიგელი მგლებისა და პირველ ლიგელი ბაიას გაერთიანების შემდეგ ჩემპიონატში გამოსვლა ზუგდიდურმა კლუბმა ბაიას სახელით განაგრძო. 2012 წელს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად ზუგდიდის სახელით გამოდის.

 

მწვრთნელი და ზუგდიდი

მიმდინარე სეზონის სტარტზე ზუგდიდურ კლუბს სათავეში მწვრთნელთა დუეტი ჩაუდგა. ჩვენ მომავალ მეტოქეს ოთარ თუთბერიძე და კობა წიტაიშვილი თავკაცობდნენ. გუნდში მომხდარი ცვლილებების შემდეგ, კლუბს მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დარასელია დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი მატჩი გამართა. გიორგი დარასელიას თავკაცობით ზუგდიდმა შინ მარტვილის მერანთან ფრედ ითამაშა, სტუმრად კი ბოლნისის სიონთან დამარცხდა.

 

დინამოდან – დინამომდე

თბილისში, 13 სექტემბერს გამართული დინამო 3:0 ზუგდიდის შემდეგ, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უმაღლეს ლიგაში 10 მატჩი გამართა. ჩატარებული შეხვედრებიდან ზუგდიდმა 4 თამაში ფრედ დაასრულა, 6 კი – მარცხით. აღნიშნულ მატჩებში ზუგდიდმა მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა, სანაცვლოდ კი 11 ბურთი გაუშვა.

დინამო VS ზუგდიდი

თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 39–ჯერ გაიმართა, საიდანაც 28 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ ფეხბურთელებს დარჩათ, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 101:27 არის. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 13 სექტემბერს გაიმართა ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. ზუგდიდელთა კარში გოლები ჯაბა დვალმა, ელგუჯა გრიგალაშვილმა და დორინ გოგამ გაიტანეს. 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო დინამოელთაგან მატჩს გიორგი მერებაშვილი გამოაკლდება, თავის მხრივ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ზუგდიდელთა ფეხბურთელი ნიკოლოზ აფაქიძე.

დინამო VS ზუგდიდიმსაჯი

ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი სტუმრად ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ლ. ვარამაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ნონიკაშვილი შეასრულებს. 

 

ზუგდიდის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზუგდიდელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მამალაძე. პაჭკორია, მირცხულავა, რიგვავა, ქვარცხავა, შალიკაშვილი, კანკია, სიხარულია, ფარჯიკია, ბულია, ხუბუა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024