• Geo
  • Eng
18.10.2013
20 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

20 ოქტომბერს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს. 20 ოქტომბერს დინამოს 11 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული: 3 საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, 1 თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე, 7 კი – სსრკ პირველობაზე. 20 ოქტომბერს ჩატარებული 11 მატჩიდან დინამომ 4 შეხვედრა მოიგო, 3 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 4 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. გატანილ და გაშვებულ ბურთებს შორის ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 16:13–ზე არის.

 

20 ოქტომბერს ეროვნულ ასპარეზზე დინამოელებმა პირველი შეხვედრა 1991 წელს გამართეს. ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე გორის დილას უმასპინძლა და მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით – 4:1 სძლია. დინამოელთაგან გატანილი გოლებით მიხეილ ყაველაშვილი, კახი კაჭარავა, შოთა არევლაძე და გოჩა ჯამარაული გამოირჩნენ.

 

2001 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა. თბილისში გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

 

2012 წლის 20 ოქტომბერს დინამომ გასვლით შეხვედრაში მარტვილის მერანი მშრალი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა. მარტვილელთა კარში ორი გატანილი ბურთით გამოირჩა მიკელ ალვარო, თითო გოლი გაიტანეს ჩისკომ და ჯაბა დვალმა.

 

20 ოქტომბერს ევროასპარეზზე დინამო თბილისს ერთადერთი მატჩი აქვს გამართული. 1976 წელს ჩვენმა გუნდმა 1976/77 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დინამო არენაზე ბუდაპეშტის მტკ–ს წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 1:4 დასრულდა, უნგრელთა კარში ერთადერთი გატანილი გოლი მანუჩარ მაჩაიძის ანგარიშზეა.

 

სსრკ პირველობაზე დინამოელებმა 20 ოქტომბერს პირველი ოფიციალური მატჩი 1938 წელს გამართეს. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში ვოლგოგრადის როტორს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 1:2 დამარცხდა. დინამოელთაგან გატანილი გოლით ვიქტორ ბერეჟნოი გამოირჩა.

 

1940 წლის 20 ოქტომბერს ჩვენი გუნდი მოსკოვის დინამოს სტუმრად დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელი ფეხბურთელების მარცხით – 0:2 დასრულდა.

 

1966 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვმა თბილისური და მოსკოვური დინამოების დაპირისპირებას უმასპინძლა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 1:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლი კახი ასათიანმა გაიტანა.

 

1973 წლის 20 ოქტომბერს დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. სპარტაკის კარში გამარჯვების მომტანი გოლი გოჩა გავაშელმა გაიტანა.

 

1974 წლის 20 ოქტომბერს ჩვენი გუნდი დონეცკს ეწვია, სადაც ადგილობრივ შახტარს დაუპირისპირდა. მატჩი საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. უკრაინული გუნდის კარში გატანილი გოლი მურთაზ ხურცილავას აქტივშია.

 

1979 წლის 20 ოქტომბერს დინამომ სტუმრად იმჟამინდელი ვოლოშილოვგრადის (ლუგანსკის) ზარია ანგარიშით – 3:1 დაამარცხა. უკრაინული გუნდის კარში ორი გოლი გაიტანა ვიტალი დარასელიამ, ერთი ბურთი კი ვლადიმერ გუცაევის ანგარიშზეა.

 

1982 წლის 20 ოქტომბერს დინამო ბაქოს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ნეფთჩის დაუპირისპირდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024