• Geo
  • Eng
28.09.2013
დინამო VS მერანი – მატჩამდე

29 სექტემბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VII ტურის მატჩს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი ეთერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხითა და ტრადიულად  ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდით გადაიცემა.

 

 

ჩვენი მეტოქე

 

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 1955 წელს დაარსებული სალხინოს ბაზაზე შეიქმნა. მარტვილის მერანი საქართველოს ჩემპიონატში 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ქვეყნის პირველი ლიგის გათამაშებაში.  მარტვილის მერანმა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად პირველად 2007–2008  წლების სეზონში გაიბრძოლა,  თუმცა გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონიც პირველ ლიგაში დაიწყო. გუნდმა ანალოგიური შედეგი აჩვენა 2008–2009 და 2009–2010 წლების სეზონებში. 2009–2010 წლების სეზონში მარტვილის მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიასთან 1:2 (1:0 / 0:2) დამარცხდა. 2010–2011 წლების სეზონში კი მარტვილის მერანმა საწადელს მიაღწია, გუნდმა პირველ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დებიუტანტის კვალობაზე მარტვილის მერანმა შესანიშნავად ჩაატარა 2011/2012 წლების სეზონი და უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ გასული სეზონის მეორე ნახევარი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ნაჩვენების შედეგის შემდეგ, ქვედა ექვსეულში გაატარა, სადაც გუნდი მხოლოდ რუსთავის მეტალურგს ჩამორჩა.

 

 

მწვრთნელი და მერანი

 

მარტვილის მერანის მთავარი მწვრთნელი 2009 წლის შემდეგ,37 წლის მალხაზ ჟვანია არის, რომელთან ერთადაც გუნდმა არაერთ ლოკალურ წარმატებას მიაღწია. მალხაზ ჟვანიას თავკაცობით მერანმა არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ნახევარფინალში, პირველი ლიგაში მოპოვებული მეორე ადგილის შედეგად მერანმა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.მალხაზ ჟვანიას გუნდი უმაღლეს ლიგაში გამოცდილ და ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში ზედიზედ მესამე სეზონს ატარებს.

 

 

დინამომდე...

 

მიმდინარე სეზონში მარტვილის მერანმა 9 ოფიციალური შეხვედრა (6 უმაღლეს ლიგაში 3 თასზე) ჩაატარა. უმაღლეს ლიგაში მარტვილელებმა 4 შეხვედრა (მერანი 2:1 სპარტაკი, მერანი 2:0 ზუგდიდი, მერანი 3:1 ჩიხურა და მერანი 2:0 სიონი) მოიგეს, 2 მატჩი (ვიტ ჯორჯია 3:0 მერანი და გურია 1:0 მერანი) წააგეს. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე კი გუნდმა პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, მერანმა პირველი ლიგის წარმომადგენელი სამტრედია ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა. თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა კი ჩვენი გუნდის მსგავსად მარტვილის მერანმაც 25 სექტემბერს გამართა. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუნდმა სამტრედიაში ნომინალურ მასპინძელ ლანჩხუთის გურიას 2:1 მოუგო.

 

 

დინამო VS მერანი

 

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 6–ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა ექვსი თამაშიდან 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 15:7 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება გასულ წელს დინამო არენაზე გაიმართა. 2012 წლის 19 დეკემბერს დინამო არენაზე თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხეს. თბილისელთაგან გატანილი გოლებით ჩისკო მუნიოსი, გიორგი მერებაშვილი და ჯაბა დვალი გამოირჩნენ.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში თბილისელთა მსგავსად ფეხბურთელებს არც მარტვილელები მოისაკლისებენ. გუნდები დინამო არენაზე გასამართ მატჩს ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.

 

 

დინამო VS მერანი – მსაჯი

 

დინამო თბილისისა და მარტვილის მერანის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. დაპირისპირების მთავარი მსაჯი ივარს ცაუნე იქნება, რომელსაც ასისტენტობას თანამემამულე არნის ლემკინსი და იგორს ტაგივესი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი ყრუაშვილი შეასრულებს.

 

მერანის სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში მარტვილელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

შეროზია – ფარულავა, გეგეჭკორი, მელიავა, ქარქუზაშვილი, ღონღაძე – ხუბუა, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე, ფონიავა – კვანტალიანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024